არსებობს ზაფხულის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები და საჭმელიც კი.
ეს უკანასკნელი ხორცპროდუქტებია - ნაირ-ნაირი ძეხვი და სოსისი. ისინი ზაფხულის პროდუქტებად ითვლება, რადგან მარტივია მოსამზადებლად და ზაფხულში ქალაქგარეთ გასულს ზედმეტი წვალება არ გიწევს საჭმლის გასაკეთებლად. პიკნიკზე წასული სოსისზე მარტივად რას შეწვავთ შამფურზე და რას მიირთმევთ მეგობრებთან ერთად?
თუმცა, უამრავ უპირატესობასთან ერთად არსებობს ერთი „მაგრამ“ და ეს ხორცპროდუქტების მალფუჭებადობით გამოწვეული პრობლემებია. სოსისები ძნელად იტანს ზაფხულის სიცხეს და სათანადო შენახვისა და ტრანსპორტირების გარეშე მალე ფუჭდება.
სოსისის შორ გზაზე ტრანსპორტირება
თუ შორ გზაზე აპირებთ სოსისის წაღებას, ჩალაგებამდე 15 წუთის განმავლობაში საყინულეში შეინახეთ, გამოღების შემდეგ კი ქაღალდში იზოლირებულად შეახვიეთ. საყინულეში ის არ გაიყინება და არც გემოვნურ თვისებებს დაკარგავს. სამაგიეროდ, კარგად მიიღებს სიცივეს, რომლის შენარჩუნებაშიც შემდეგ ქაღალდი დაგეხმარებათ. მთავარი არის იზოლაცია. პროდუქტი ისე უნდა შეფუთოთ, რომ მასში ჰაერი არ შევიდეს.
სოსისის მაცივარში შენახვა
სასურველია, თუ ზაფხულის პერიოდში სოსისის დიდ მარაგს არ შეიძენთ. თუ მაინც რამდენიმე დღის მარაგის ყიდვა გიწევთ, თითოეული ულუფა ცალ-ცალკე თავდახურულ კონტეინერში შეინახეთ. იდეალურია, თუ კონტეინერი მინის იქნება. მისაღებია ემალის მასალაც. მაქსიმალურად ეცადეთ, ხორცპროდუქტი პლასტმასის კონტეინერში არ შეინახოთ. პარკით შენახვა კი დაუშვებელია.
ხორცპროდუტი მალე რომ არ გაფუჭდეს...
ამისთვის მთავარი პირობაა, რომ ხორცპროდუქტი მაქსიმალურად იყოს დაცული გარემო ზემოქმედებისა და სხვა პროდუქტებთან შეხებისგან, მაცივარშიც კი. არასდროს ხარ დაზღვეული ბაქტერიების არსებობისგან. თუ კონკრეტული ბაქტერია არ აზიანებს, მაგალითად, ხილს, მას თავისუფლად შეუძლია ზაფხულის ცხელ დღეებში სოსისის გაფუჭება გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, რომ მაცივარში ხილი, ხორცპროდუქტი თუ სხვა ნებისმიერი პროდუქტი იზოლირებულად იყოს შენახული. ამ შემთხვევაში მათი ვარგისიანობის ვადას მაქსიმალურად გაახანგრძლივებთ.
„ლიდერფუდის“ გერმანელი ტექნოლოგი მარსელ ზაბერნიგი განმარტავს, რომ ხორცპროდუქტი ვარგისი აუცილებლად შეფუთვაზე მითითებულ თარიღამდე არაა და ხშირად არასათანადო პირობებში შენახვისა და ტრანსპორტირების გამო ვადაზე ადრეც ფუჭდება.
სწორედ ამიტომ არის უმნიშვნელოვანესი, რომ ხორცპროდუქტები განსაკუთრებული სიფრთხილით შევინახოთ, ვაკონტროლოთ მაცივარში არსებული ტემპერატურა და მოვერიდოთ ტემპერატურის ხშირ და მკვეთრ ცვლილებას, - განმარტავს მარსელ ზაბერნიგი.
არის ხოლმე შემთხვევები, როცა ხორცპროდუქტების მოყვარულები მალფუჭებადობის გამო ზაფხულის პერიოდში უარს ამბობენ მის მოხმარებაზე, რაც რეალურად აუცილებელი არაა. თუ ზემოთ ჩამოთვლილ წესებს დაიცავთ, ნებისმიერ გრადუს ტემპერატურაზე შეძლებთ სოსისის შენახვას, ტრანსპორტირებას და მის გემრიელად მირთმევას.