გინდა არ გინდა, საცობში ყველა ტრანსპორტი თანასწორია: „ბენტლიც“, „ჟიგულიც“ და ჩვეულებრივი ავტობუსიც. სამწუხაროდ, ყველა ჩვენგანს გვიწევს გზებზე დიდი ხნით საცობში ყურყუტი, ამიტომ, ნერვიულობა და გარშემომყოფების გაღიზიანება - ცუდი ვარიანტია.
საბედნიეროდ, არსებობს ბევრი საინტერესო მეთოდი, თუ როგორ შეიძლება გაატარო ეს დრო შენთვის სასარგებლოდ. გთავაზობთ რამდენიმე იდეას, რომლებიც მოსაწყენი მგზავრობისგან გიხსნით.
მოეშვით. ნერვიულობით თქვენ ვერ ააჩქარებთ მანქანების ნაკადს. დანიშნულების პუნქტთან კი გაღიზიანებული და გაბრაზებული მიხვალთ.
თუ შეხვედრაზე მიიჩქარით, შეგიძლიათ საცობში დგომისას შეისწოროთ მაკიაჟი, მოიწესრიგოთ ვარცხნილობა, ან გაიწმინდოთ ფეხსაცმელი. ზოგი მანიკიურის წასმასაც კი ასწრებს...
თუ გადატვირთული სამუშაო გრაფიკი გაქვთ, კარგი იქნება თუ მანქანაში ვაშლი ან ბანანი გექნებათ. საცობში მოხვედრილი შეძლებთ მსუბუქად წაიხემსოთ.
გამოიყენეთ დრო და დაგეგმეთ საქმეები. შეგიძლიათ რამდენიმე დღეზეც გადაანაწილოთ.
მოუსმინეთ რადიოს. კარგი მუსიკა განწყობას გაგიუმჯობესებთ, მაგრამ თუ თავისუფალი დრო ძალიან ცოტა გრჩებათ და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ვეღარ ადევნებთ თვალს, უმჯობესი იქნება, რადიოში საინფორმაციო გადაცემას მოუსმინოთ. მომართეთ რადიო 103.9-ზე, რადიო - „პალიტრაზე“ ყოველთვის შეძლებთ უსმინოთ საინფორმაციო, საავტორო, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და შემეცნებით გადაცემებს და რაღა თქმა უნდა, გემოვნებიან მუსიკასაც.
გააკეთეთ „აუცილებელი ზარები“. მაგალითად, დანიშნეთ შეხვედრა, გადაიტანეთ თათბირი და ა.შ. დარეკეთ ნომრებზე, სადაც ოპერატორის ლოდინი დიდხანს გიწევთ. ეს „აუცილებელი“ ზარები გროვდება ხოლმე. საცობში ყოფნისას კი მშვიდად დარეკავთ ბანკში ან მობილურ ოპერატორთან და არ იდარდებთ იმაზე, რომ ლოდინში დიდი დრო „დაკარგეთ“.
იმის მაგივრად, რომ ძვირფასი წუთები დაკარგოთ, დაურეკეთ ახლობლებს. მოიკითხეტ მეგობრები, რომლებიც დიდი ხანია არ გინახავთ.
უსმინეთ აუდიოწიგნებს. მხატვრული ლიტერატურის კითხვას დიდი დრო სჭირდება და ხშირად, ამისთვის დრო არავის რჩება. ხმოვანი წიგნები კი იდეალურია მგზავრობის დროს.
ითამაშეთ „შერლოკ ჰოლმსობანა“. გადახედეთ ადამიანებს და მათ მანქანებს. შეეცადეთ გააანალიზოთ, ვინ არიან ისინი, რითი არიან დაკავებული, როგორი ხასიათი აქვთ. თუ ამ უნარებს ხშრად გაავარჯიშებთ, ადამიანებში უკეთესაც გაერკვევით. ამასთან, ეს თამაში საკმაოდ გასართობია.
იფანტაზიორეთ. ჩართეთ დიქტოფონი და გააჟღერეთ ნებისმიერი იდეა, რაც თავში მოგივათ. ვინ იცის, რა გენიალური რაღაც მოიფიქროთ...