რატო მაშინ არ გამიხმა ენა, ჩემს ცოლს რომ ვუთხარი, „უიქენდზე“ დაქალთან ერთად დასასვენებლად სადმე ახლოს, ქალაქგარეთ გაგიშვებ-მეთქი. ბოლო დროს ძალიან გაღიზიანებულია, სულ ნერვებზე ზის და ვიფიქრე, ცოტას განიტვირთებოდა. ბავშვებს დავიტოვებდი ერთი ღამით. კვირას საღამოს ჩამოვიდოდა დასვენებულ-დამშვიდებული.
ყველაფერი გონებაში წინასწარ დავგეგმე: ბავშვებს რაც უყვართ, იმას ვუყიდდი, მულტფილმებს ჩავურთავდი, მე ფეხბურთს ჩავუჯდებოდი, ლუდს მოვწრუპავდი. მერე ცოტა ხნით ეზოში გავისეირნებდით. ბავშვები სასრიალოზე ისრიალებდნენ, მე იქვე, ტრენაჟორებზე წავივარჯიშებდი (ამდენ ლუდის სმას ღიპის გაზრდა სცოდნია). მერე დავაწვენდი, დაიძინებდნენ. მე რამე კარგ ფილმს ჩავუჯდებოდი, დივანზე წამოწოლილი.
რას წარმოვიდგენდი, რომ ყველაფერი უკუღმა ამიხდებოდა და ის ორი დღე ჯოჯოხეთად მექცეოდა?
ჩემი ცოლი შაბათ დილას წავიდა. სახლში დავრჩით მე და ჩემი ორი შვილი: ხუთი წლის ლუკა და სამი წლის ელენე. მშვენიერი მზიანი დღე იყო. მისაღებ ოთახში დავბანაკდით, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ბავშვობა გავიხსენე და გადავწყვიტე, ბავშვებისთვის სახელდახელო კარავი ამეგო. სკამები ოთახის ცენტრში დავალაგე, საწოლებს გადასაფარებლები გადავაძრე და სკამებზე გადავფინე. მათ ქვეშ, ხალიჩაზე ბალიშები დავალაგე. შესანიშნავი კარავი გამოვიდა. ბავშვებსაც მოეწონათ. მეგონა, მთელს თუ არა, ნახევარ დღეს მაინც გაატარებდნენ შიგნით და საშუალება მომეცემოდა, გუშინდელი მატჩისთვის მეყურებინა (რომელიც ჩემმა ცოლმა არ ჩამართვევინა სერიალის გამო). მისი ხუშტურების გამო "ბარსა"-"რეალის" თამაში გამოვტოვე. არ მესმის, რანაირად შეუძლიათ ქალებს ფეხბურთზე იეჭვიანონ? მერე კიდე იტყვიან, კაცები ხართ ეჭვიანებიო...
დივანზე წამოვწექი, ლუდი გავხსენი, სასუსნავებიც მოვიტანე, მატჩი გადავახვიე და დავიწყე თუ არა ყურება, ბავშვებმა საშინელი გნიასი ატეხეს. ჯერ იყო და, იმხელა კარავში ადგილი ვერ გაიყვეს; მერე მომთხოვეს, "ღამე გამეკეთებინა". ფანჯარაზე სქელი ადიალა ჩამოვაფარე. ახლა ფარანი მომთხოვეს, რომ სიბნელეში გაენათებინათ. ოღონდ გაჩუმებულიყვნენ, ჩემს მობილურში ჩავრთე fleshlight-ი და მივეცი. კარგა ხანს გაყურსულები იყვნენ.
პირველი ტაიმი რომ დამთავრდა, მათი უცნაური დუმილით შეშფოთებულმა კარავში შევიხედე. ლუკას ჩემი მობილური ეჭირა და ორივენი ეკრანს უცნაური გამომეტყველებით დაჰყურებდნენ. სასწრაფოდ გამოვტაცე ხელიდან. ეშმაკმა დალახვროს, თურმე „მესენჯერი“ გაუხსნიათ და ჩემი თანამშრომელი ლიკასთვის (რომელიც სხვათა შორის, გულგრილი არ არის ჩემ მიმართ) გულები გაუგზავნიათ. მერე, ეტყობა შემთხვევით სიბნელეში ფოტოც გადაიღეს და ის ფოტო ჩათში გაიგზავნა.
წნევამ ამიწია. ლიკას საპასუხოდ თვალებში რომ გულები აქვს, ის სმაილები მოუწერია, ხოლო იმ შავბნელ ფოტოზე ინტერესდებოდა, თუ რის ჩვენებას ვცდილობდი მისთვის...
რა უნდა მექნა? სიტუაციის გამოსასწორებლად მივწერე, რომ ჩემი ტელეფონი ბავშვებს ჩაუვარდათ ხელში და „იმაიმუნეს“. – „დამსინა“, აშკარად ეწყინა. ან შეიძლება იფიქრა, რომ უკან დავიხიე. აბა, მე რა ვიცი.
ამასობაში სადილის დროც მოვიდა. ჩემი ცოლის დატოვებული სუპი გავაცხელე და ჯამებში დავუსხი. ელენიკომ ტირილი მორთო. თურმე, ორივეს თავისი საკუთარი ჯამი ჰქონია და არასწორად დავუდგი. მე საიდან უნდა მცოდნოდა? ჯამების გაცვლაზე ფეხები გაფშიკეს. სუპი ისევ ქვაბში ჩავაბრუნე და ხელახლა დავასხი, მაგრამ დაასკვნეს, რომ მამამ საჭმელი „გააფუჭა“ და მის ჭამაზე კატეგორიული უარი განაცხადეს.
განერვიულებულმა ჩავაცვი და სამივე სუპერმარკეტში წავედით, რომელიც არც ისე ახლოსაა. ხან ერთი გამექცა, ხან მეორე. 2011 წლის მარათონის მერე ამდენი არ მირბენია. სუპერმარკეტში კი საერთოდ გადამიყვანეს ჭკუიდან, „მიყიდე-მიყიდეს“ ძახილით. მგონი, ერთმანეთის ჯიბრზე იქცევიან ასე ველურებივით. მიკვირს, ჩემი საბრალო ცოლი აქამდე ფსიქიატრიულში როგორ არ მოხვდა.
ყველა ჩვენ გვიყურებდა. ოღონდ გაჩუმებულიყვნენ და რასაც ხელი მოკიდეს, ყველაფერი კალათში ჩავუძახე. მოლარემ თანხა რომ დამისახელა, ალბათ, გავფითრდი და თვალები შუბლზე ამივიდა.
სახლში რომ დავბრუნდით, იცოცხლე, გვარიანად ვეჩხუბე, მაგრამ რეაქცია არ ჰქონდათ, ტკბილეულობების გაყოფა-განაწილებით იყვნენ დაკავებულნი.
რაც უნდოდათ, ის ჭამეს. მერე სუპერმარკეტში ნაყიდი კუბიკების ყუთი გავხსენი და ხალიჩაზე წამოვყარე, მე დივანს დავუბრუნდი, რომ მეორე ტაიმის ყურება გამეგრძელებინა და ცოტა დავმშვიდებულიყავი. ცოტა ხანს მიყუჩდნენ, მერე ეს კუბიკები ერთმანეთს დაუშინეს და ჩემი ცოლის საყვარელი ლარნაკიც გატეხეს.
იმდენჯერ დავაპაუზე მატჩი, ბოლოს ნერვებმა მიმტყუნა. აღარც ფეხბურთი მინდოდა, აღარც არაფერი. ნამსხვრევებს ვკრეფდი, ჩემმა ცოლმა რომ დარეკა. აინტერესებდა, სუპი კარგად ჭამეს ბავშვებმა თუ არა. დავამშვიდე, რომ ყველაფერი კარგად იყო.
ვახშმად შოკოლადის კარაქი და ფუნთუშები მიირთვეს. როგორც იქნა, დავაწვინე. ახლა ზღაპარი მომთხოვეს. ნაცარქექია მოვუყევი, მაგრამ ყოველ წინადადებას მისწორებდნენ, ეგრე არაა, ასეაო. როგორც იქნა, დაიძინეს.
ბედნიერი გამოვედი მისაღებ ოთახში და ტელევიზორი ჩავრთე. დივანზე მოწყვეტით დავეშვი და საშინელი ტკივილი ვიგრძენი. თურმე, კუბიკზე დავმჯდარვარ. მგონი, ამ ერთ დღეში იმდენი კილოგრამი დავიკელი, რასაც ერთი თვის მანძილზე ვიკლებ. ლუდი გამოვიღე მაცივრიდან და ფილმს ჩავუჯექი, მაგრამ ნახევარ საათში ლუკა დამადგა თავზე, მამიკო, მუცელი მტკივაო. აბა, რა იქნებოდა, ხომ გავაფრთხილე, ამდენი კანფეტი არ ჭამო-მეთქი? ვინ დაგიჯერა?
ისიც არ ვიცოდი, რა უნდა მიმეცა მუცლის ტკივილზე ლუკასთვის. სახლის აფთიაქი გადმოვქექე, მაგრამ მარტო სიცხის დამწევი წამლები ვიპოვე. ჩემს ცოლს ვერ დავურეკავ, გაგიჟდება, გადაირევა და ფეხით ჩამოვა. როგორღაც ეს ღამე უნდა გადავაგოროთ. კიდევ კარგი, მუცელმა მალე გაუარა, მაგრამ მთელი ღამე ვყარაულობდი ორივეს. გამთენიისას ჩამეძინა, სულ რაღაც ორი საათით. დილით ბავშვებმა გამაღვიძეს. ზომბივით ავიზლაზნე. ერთადერთი, რაც მიშველის, მაგარი ყავაა, რომელიც ვერსად ვიპოვე. ეტყობა, გათავდა. გადავწყვიტე, ბავშვებისთვის რამე დიეტური მომემზადებინა და ჩემს თანამშრომელ ლიკას დავურეკე. ქალია და ეცოდინება. მან შვრიის ფაფა მირჩია. ვერც შვრია ვიპოვე და რომ გამახსენდა, ჩემი ორი გადარეული შვილით ისევ სუპერმარკეტში მომიწევდა წასვლა, სასოწარკვეთილებამ მომიცვა. ახლა ეს ყველაზე შეუსრულებელ მისიად მეჩვენებოდა.
თქვენ წარმოიდგინეთ, ლიკამ გადამარჩინა - რად გინდა სუპერმარკეტში წასვლა, როცა ონლაინ სუპერმარკეტი არსებობსო. ასეთი რამ პირველად გავიგე. თურმე momitane.ge-ზე შეგიძლია შეხვიდე და რაც გჭირდება, იყიდო. კურიერი ძალიან მალე, სახლში მოგიტანს ყველაფერს. მომსახურება კი მხოლოდ 2 ლარია. რაც მჭირდებოდა, ყველაფერი კალათში ჩავყარე, გადახდის სისტემაც მოსახერხებელი ჰქონიათ, გინდა ბარათით გადაიხდი, გინდა ადგილზე მოტანისას ქეშად. ნახევარ საათში კარზე ზარი დარეკეს. კურიერმა ყველაფერი სახლში მომართვა. რატომ გუშინ არ ვიცოდი ამ საიტის არსებობა? ზედმეტ ხარჯსაც ავცდებოდი და ნერვებიც არ დამეგლიჯებოდა.
მოკლედ, ახლა საღამოს 18:00 საათია და ყველაფერი კარგადაა. მალე ჩემი ცოლი შემოაღებს კარს. ასე მგონია, ერთი თვეა, არ მინახავს... ამჟავებული სუპი (რომელიც გარეთ დამრჩენია) უნიტაზში გადავასხი. ჭურჭელიც დავრეცხე. მთავარია, ჩემს ცოლს გადავურჩე მას მერე, რაც მისაღებ ოთახს ნახავს...