ბლოგი
"ღამეს ვათენებდით და შიშისგან ვკანკალებდით..." - ლეგენდა კარსანზე
"ღამეს ვათენებდით და შიშისგან ვკანკალებდით..." - ლეგენდა კარსანზე
მიუხედავად იმისა, გვჯერა თუ არა ლეგენდების, მათ მიმართ ინტერესი ყოველთვის არსებობდა და იარსებებს, რადგან ადამიანს აინტერესებს ყველაფერი, რაც მისი ცნობიერებისთვის დაფარულია.
როდესაც ისეთ ადგილას მოხვდები, რომელსაც რაიმე საიდუმლო ან ლეგენდა უკავშირდება, ცდილობ ლოგიკური ახსნა მოუძებნო ყოველ ფაქტს, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით, რომ ლოგიკური განმარტების პოვნა ყოველთვის არ გამოდის. მაგალითად, ლაბირინთივით დახლართულ
ბნელ გვირაბებში დახეტიალობ და ხედავ სინათლის სხივს, რომელიც გაურკვეველია თუ საიდან შემოდის. ან, უეცრად ჰაერის საკმაოდ ძლიერ ნაკადს შეიგრძნობ, რომელიც უკან დაბრუნებისას სადღაც ქრება. ასეთ დროს, უბრალოდ შეშდები და თავში ყველაზე მშფოთვარე აზრები მოგდის. აზრები იმაზე, თუ რა იმალება ამ ბნელი და ნესტიანი გვირაბების სიღრმეში…


მისტიკის მიმართ ლტოლვა ბავშვობიდან მქონდა. თავს ყველაზე კომფორტულად ძველ, მიტოვებულ ადგილებში ვგრძნობდი… მოგვიანებით გავაცნობიერე, რომ სწორედ ეს არის ჩემი ინტერესის საგანი და საკუთარი ჰობი – პროფესიას შევუთავსე. დავიწყე წერა ქალაქური ლეგენდების, ძველი შენობების ისტორიების შესახებ. შესაბამისად, ბევრსაც ვეძებდი… 

როდესაც მიტოვებულ შენობებში, გვირაბებსა და კატაკომბებში დავხეტიალობ, შინაგანად რაღაც მკარნახობს, დროზე გავეცალო იქაურობას, მაგრამ ყველაფერი ისე საინტერესოდ მეჩვენება, რომ ვგრძნობ, თითქოს მეც რაღაც საიდუმლოების ნაწილი გავხდი.


ნესტის, სიძველისა და სიდამპლის სუნი თითქოს წარსულში მამოგზაურებს და ვგრძნობ, რომ სადღაც, ჩემთან ძალიან ახლოს სხვა სამყარო არსებობს. საინტერესო და ამაღელვებელი. ამჯერად, ერთ პატარა, იდუმალებით მოცულ სოფელზე გიამბობთ.

ლეგენდა კარსანზე


გადმოცემის თანახმად, თბილისსა და მცხეთას შორის მოქცეულ პატარა ხეობაში მდებარე სოფელ კარსანში, ძველად ნაბუქოდონოსორისაგან დევნილი ებრაული თემი დასახლდა. 1904 წელს, აქ თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორია გაიხსნა, რომელიც 1935 წლამდე ფუნქციონირებდა. მოგვიანებით, ეს ლამაზი შენობა ტუბდისპანსერად გადაკეთდა.

ლეგენდა მოგვითხრობს, რომ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, კარსანი ლავრენტი ბერიას ბრძანებით მოსახლეობისგან დაცალეს და გადაკეტეს, რადგან ფიზიკოსებს საიდუმლო იარაღზე უნდა ემუშავათ. ადგილობრივები მიწისქვეშა დარბაზების არსებობაზე ყვებიან, სადაც დანადგარების საშუალებით, დედამიწის ცენტრს ზომავდნენ.

ზოგი კი იმასაც ყვება, რომ ტუბდისპანსერში, უშიშროების ყოფილი თანამშრომლები და ის ადამიანები მოჰყავდათ, რომელთა თავიდან მოშორება სურდათ და მოსაჩვენებლად „მკურნალობდნენ“.

როგორც მოგეხსენებათ, ბერიას სახელს მრავალი საიდუმლო უკავშირდება. ყოველი შენობა, სადაც ის იმყოფებოდა, საშინელ ამბებს ინახავს. მას ობსერვატორიის ყოფილ შენობაშიც ჰქონია კაბინეტი. ომის შემდგომ, ეს ნაგებობა არქეოლოგებს გადაეცათ, რომლებიც არმაზისხევი-ბაგინეთი-კარსნის არქეოლოგიურ ნაკრძალში მუშაობდნენ. ტუბდისპანსერმა ფუნქციონირება 1980-იანი წლების ბოლოს შეწყვიტა. სოფელშიც ნელ-ნელა გაჩნდნენ მაცხოვრებლები. 2002 წლის აღწერის მონაცემების მიხედვით, კარსანში ცხრა ადამიანი ცხოვრობდა.

გეოფიზიკური ობსერვატორიის (და შემდგომში ტუბ საავადმყოფოს) ყოფილი შენობა სანახევროდ დანგრეულია და შიგნით შესვლა საფრთხის შემცველია. ჭერი და იატაკი ზოგან მთლიანად, ზოგან კი სანახევროდ ჩაშლილია. ზოგ ოთახში ავეჯის დამტვრეული ნაწილები, სამედიცინო პერსონალის ნივთები, შპრიცები, წამლები, ექიმის ჩანაწერები, დამსხვრეული ჭურჭელი გვხვდება. იქმნება შთაბეჭდილება, რომ იქაურობა დაარბიეს და სწრაფად მიატოვეს. ცნობილია, რომ ტუბის ჩხირი მზისგან დაცულ ადგილზე წლების მანძილზე ცოცხლობს და ტუბერკულოზით დაინფიცირების საშიშროებას ქმნის.



შენობის სიახლოვეს პატარა ზომის ორმო ვიპოვე, რომელსაც ადრე სავარაუდოდ სახურავი ჰქონდა, მაგრამ ახლა აღარ აქვს. ორმოთი ვიწრო გვირაბში ვხვდებით, რომელსაც პატარა ზომის კვადრატული ფორმის ოთახში მივყავართ. ოთახში შესასვლელი აგურითაა ამოშენებული, რომელიც აშკარად მოგვიანებითაა გაკეთებული. აგურის კედელი იმ დონეზეა გამონგრეული, რომ გადაძრომა შესაძლებელი იყოს. ოთახს აქვს საჰაერო მილი. ცენტრში კი უცნაური დანადგარის კარკასია შემორჩენილი, რომელიც ამწეს ჰგავს.


დანადგარს აქვს სადენი, რომლის საშუალებით, სავარაუდოდ მოქმედებაში მოდიოდა. ყურადღებას იქცევს დანადგარის ქვედა ნაწილი, რომელიც აგურითა და ცემენტით არის დალუქული. ღრიჭოდან ნათლად ჩანს რკინის ჟანგიანი, წრიული ფორმის დეტალი, რომელიც შესაძლებელია ლუკის სახურავს წარმოადგენდა. თუ ასეა, გამოდის, რომ მიწისქვეშ კიდევ არსებობდა -2 სართული.


ხევის პირას კიდევ ერთი უცნაური ნაგებობაა, რომელიც ვიწრო და ბნელი კორიდორებით რამდენიმე წრიული ფორმის დარბაზს უკავშირდება.

დარბაზები მრგვალია და ჭერიც მომრგვალებული აქვს. ზოგი მათგანი ცისფრად არის შეღებილი, ზოგი კი წითელია. აქ, ისევე როგორც პირველ მიწისქვეშა ობიექტზე, ბევრი ღამურაა. ყურადღებას იქცევს კედლებზე ამოკაწრული უცნაური წარწერები. მაგალითად: -„ночевали с 3/5 на 4/5 58 г. и дрожали от страха!!! Справляли праздник кукурузы ели жаренную собаку”.

„კარსნის“ ტერიტორიაზე რამდენიმე საცხოვრებელი სახლიც არის, სადაც ამჟამად არავინ ცხოვრობს.




ტუბდისპანსერის შენობაში, ძირს, გამოყენებული შპრიცები, წამლები, ექიმის ჩანაწერები, დამსხვრეული ჭურჭელი და ჩუსტები იყო მიმოფანტული, რომლებიც ალბათ სამედიცინო პერსონალს და პაციენტებს ეცვათ…



ოთახებში ჩაშლილ-ჩამპალი ავეჯის ნარჩენები ეყარა. კედლებში წამლების შესაწყობ თაროებს დაეღოთ პირი. ეს ყველაფერი, ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა, თითქოს საავადმყოფო ძალიან სწრაფად დაცალეს ხალხისგან და აღარასოდეს, არავინ აღარ შესულა… მხოლოდ დრომ დაამჩნია თავისი ხელი ყველაფერს…

ფილებს შორის ამოზრდილი მცენარეები, კედლებზე ასული მღიერები და ფანჯრებში შემოჭრილი ხის ტოტები, იქაურობას პოსტ აპოკალიფსურ იერს სძენდა.

ცნობისმოყვარეობის გრძნობამ, შენობის სარდაფში ჩასვლა გამაბედინა, სადაც თეთრეულისა და სხვა საყოფაცხოვრებო საგნების საწყობები იყო განთავსებული. შესასვლელში პატარა ტაბლო იყო მიმაგრებული, რომელზეც ქართულ და რუსულ ენაზე ეწერა – „ნუ მოსწევთ“. სარდაფში, რამდენიმე ადგილას კედელში შეჭრილი პატარა კარი ვიპოვეთ. იქ ალბათ თეთრეულს ან სხვა ნივთებს ინახავდნენ.

გეოფიზიკური ობსერვატორიის მუშაობას რომ ხელი არ შეშლოდა, „კარსნის“ ტერიტორია დაცული იყო. 500 მ. რადიუსში იკრძალებოდა ყოველგვარი მშენებლობა. მოგვიანებით, იქ სხვადასხვა სათესლე მასალების დასხივება ხდებოდა. სავსებით ლოგიკურია, რომ ლეგენდის წყაროდ ეს ფაქტიც მივიჩნიოთ. დაცული იყო ტერიტორია, სადაც რაღაც კვლევები ტარდებოდა. 

როდესაც პირადად გიწევს შეხება მისტიკითა და იდუმალებით მოცულ ადგილებთან, თითქოს დრო ჩერდება. თითქოს გესმის იმ ადამიანების ხმები, რომლებსაც ამ კედლებს შორის უწევდათ ცხოვრება.

შეინახეთ საინტერესო მოგონებები ფოტოწიგნში.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 7 /
123
ანჟამად იქ ორი მონასტერია. ერთი ამ ტერიტორიაზე მეორე ცოტა ზევით. მამა ექვთიმე და მამა თეოდოსი, წინამძღვრები. ძალიან კარგი ადამიანები!!!
10:33 / 12-10-2018
გამოხმაურება / 0 /
მიშა
ძალიან საინტერესოა. გმადლობთ!!! ეს ტერიტორია ამჟამად საპატრიარქოს ეკუთვნის.
12:35 / 11-10-2018
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31