ბლოგი
თუ ინანებ: სტრესის ზენიტში
თუ ინანებ: სტრესის ზენიტში
იმ ღამეს ნიასთან ვიძინებ. არაფერს ვუყვები, მხოლოდ იმას ვეუბნები, რომ აღარ უნდა უტას ჩემთან. დაუსრულებლად ვუმეორებ და მერე დაუსრულებლად ვტირი.
იმ ღამეს ორივეს გვღვიძავს. ნია ჩემზე მეტად განიცდის ჩემს მდგომარეობას და თვითონაც ეტირება ჩემ გამო. არ მეუბნება, რომ შემირიგდება. იცნობს უტას და ალბათ, ამიტომ. ხუთ ჭიქა ჩაის და ყავას მაინც
ვსვამთ და გამთენიისას, მზე რომ აპირებს ამოიწვეროს, მაშინ გვეძინება. არ ვიცი, ჯერ მე თუ ჯერ მას. ალბათ, უფრო ერთდროულად.

სახლიდან აღარ გავდიოდი და მთელ დღეებს პიჟამაში ვატარებდი ჩაის ჭიქით და სიგარეტით ხელში. ერთადერთი, რაც მანუგეშებდა, უტას ნახატების ყურება იყო, რომლებიც კედელზე გავაკარი და მთელ დღეებს დაუსრულებლად ვუყურებდი. ნია გამუდმებით მეჩხუბებოდა, დედასთან წადიო, მეუბნებოდა, მაგრამ არც იქ მინდოდა. ასე მეგონა, აქ უფრო ადვილად მიპოვიდა. მაგრამ არავინ მეძებდა, ფაქტი იყო. ასე გადიოდა კვირები, სანამ საბოლოოდ არ მივხვდი, რომ უტა დავკარგე. აღარაფერს ჰქონდა აზრი, არც იმას, თავმოყვარეობას შევილახავდი თუ არა. ვგრძნობდი, რომ ჭკუიდან ვიშლებოდი.

საღამოს თავი მოვიწესრიგე და სახლიდან გავედი. ფოსტაში მივედი, დიდი მუყაოს ყუთი მაგიდაზე დავდე, მისამართი დავაწერე და ვთხოვე, გაეგზავნათ. ოპერატორმა ყუთი ალმაცერად შეათვალიერა და მითხრა, უნდა გავხსნა, სხვანაირად ვერ გავგზავნიო. მორჩილად დავეთანხმე. ყუთი უხეშად შემობრდღვნა და იქიდან  ჩაფხუტი ამოაძვრინა, ზედ გადაყვანილი წარწერით: "Teach me fly again".
დაკვირვებით შეათვალიერა, მერე შინაურულად გამომკითხა, წარწერა შენ გადააყვანინე თუ ასეთი იყიდეო. მივხვდი, მოეწონა და გავმხიარულდი მაშინვე. ვუთხარი, წარწერა გადავაყვანინე-მეთქი და დავაკვალიანე, სად და როგორ.
ხელახლა შემიფუთა ყუთი და ფორმალური მხარე მოაწესრიგა, ხელი მომაწერინა რაღაც საბუთებზე, რომლებიც არც გადამიკითხავს, მთავარი იყო, დროზე გაეგზავნათ. სახლში მშვიდად წავედი. იქნებ ახლა მაინც დამლაპარაკებოდა, შანსი მოეცა კიდევ ერთი, თუმცაღა ვინ იცის, ჩემი ისტერიკების შემდეგ ეს შანსი თავისთვის ჩუმად რამდენჯერ მოუცია. მთელი ღამე ვერ დავიძინე. ვფიქრობდი, თუ მიუტანეს და არაფერი შეიმჩნია, აზრი მართლა აღარაფერს ექნებოდა, უნდა გადამეტანა, როგორღაც უნდა გადამეტანა მისი დაკარგვა. მეორე საღამომდე განუწყვეტლივ ველოდებოდი, მაგრამ ამაოდ... უბედურება ის იყო, რომ არ შემეძლო... უბრალოდ არ შემეძლო მის გარეშე. მგონი, ავადმყოფურ აკვიატებაში გადამდიოდა ეს ყველაფერი.

არავითარი თვითკონტროლი... საღამოს ცხრა საათზე უტას კართან ვიდექი და გაუჩერებლად ვრეკავდი ზარს. კარი სასიამოვნო გარეგნობის, ოდნავ თმაშეთხელებულმა, ჭაღარა კაცმა გამიღო. მგონი, წაშლილი ვიყავი სახეზე. უტა სად არის-მეთქი, ვკითხე. სახლში შემოდიო, მითხრა, მაგრამ თავი გავაქნიე უარის ნიშნად. კარი შეღებული დატოვა და ოთახში დაბრუნდა. ეტყობა, ისე დამახასიათა, რამდენიმე წამი არ იყო გასული - უტა ოდნავ შეშფოთებული სახით გამოვიდა კართან. შარვალი და მაისური საღებავებით ჰქონდა დასვრილი. როგორც ჩანს, ხატავდა რაღაცას. სახეზე რომ შემომხედა, ზუსტად მამამისისნაირი გამომეტყველება მიიღო და მკითხა, კარგად თუ ვიყავი.

- ამიხსენი, ისეთი რა დავაშავე, რომ არ შეგიძლია მაპატიო?
კარი გამოკეტა. მგონი, ვყვიროდი და არ უნდოდა, სახლში გაეგოთ.
- ელენე, შენ პატიება კი არა, სხვა ადამიანი გჭირდება, რომელიც სავარაუდოდ, იპოვე იმ დღეებში, როცა ცდილობდი, არ მოგკარებოდი და გეგონა, ვერაფერს ვხვდებოდი, როცა ყავაზე დამპატიჟე მხოლოდ იმიტომ, რომ დამშორებოდი. თანაც, ეს დაშორება ისე მომხდარიყო, თითქოს მე ვიყავი ყველაფრის მიზეზი.

გამაცია. ასეთ მომენტებში როგორ არ ვკვდებოდი, არ ვიცი.
- უბრალოდ მაპატიე, ჯანდაბა... რატომ არ შეგიძლია მაპატიო?! გემუდარები, შემირიგდი, უტა, თუ ოდნავ მაინც გიყვარვარ, შემირიგდი... შემირიგდი... ჯანდაბა... არავინ არ მყავს... გემუდარები. - თავი ვეღარ შევიკავე, გიჟივით ვტიროდი და ვყვიროდი. უტა ცდილობდა, გავეჩუმებინე და ხელი მომკიდა. ხელი გავაშვებინე და ისევ ვიმეორებდი, რომ ეპატიებინა და სავარაუდოდ, ხმასაც ვუწევდი. ამიტომ ჩამეხუტა... ინსტინქტურად ჩამეხუტა, რომ გავეჩუმებინე როგორმე. უარესად მოვეშვი. საერთოდ არ ვფიქრობდი, რომ აქ ხალხი ცხოვრობდა, მათ შორის, უტას ოჯახი. არაფერი არ მახსოვდა, რადგან ეს ნაბიჯი გადავდგი, რადგან მივხვდი, რომ შანსი აღარ მქონდა, ჯანდაბასაც წაეღო ჩემი თავმოყვარეობა და ყველაფერი. ზურგთან, მუჭებში მოვიქციე მისი დასვრილი განიერი ზედა, გულზე მივადე თავი და მისმა სუნმა თავბრუ დამახვია, ისევ ეს სიგარეტის და საღებავების ერთმანეთში არეული თავბრუდამხვევი სუნი ვიგრძენი. რომ მიხვდა, ცოტა დავმშვიდდი, მაშინვე ხელი გამიშვა.

- ელი, მე ისევ ის ადამიანი ვარ, ვერაფრის შეცვლას ვერ დაგპირდები. იმაზე მეტად,   როგორც მიყვარდი, ვერ შეგიყვარებ. უბრალოდ, ასეთი ვარ. აზრი არ აქვს ჩვენ შერიგებას. ერთი თვე ისევ კარგად იქნები და მერე ისევ მიხვდები, რომ ის, რასაც გაძლევ, არ გაკმაყოფილებს. ამიტომ არ ვცდილობ არაფერს, გესმის? დაფიქრდი და მიხვდები თვითონაც. იმაზე ბევრად მეტი მოგეცი, ვიდრე რომელიმე, სხვა გოგოსთვის მიმიცია ოდესმე. ამაზე მეტი არ შემიძლია და არც ის შემიძლია, ვიყო ქალის გვერდით, ვინც თვლის, რომ სექსი იმიტომ გვაქვს, რომ მე ვგრძნობ თავს კარგად. მე და შენ სხვადასხვანაირად გვესმის ყველაფერი... სიყვარული გვესმის სრულიად სხვადასხვანაირად, ელი. მე არ შემიძლია მიყვარდეს და ვგრძნობდე, რომ ვერ ვავსებ. ამის გამო მეც ცუდად ვიგრძნობ თავს.

- გინდა, რომ აღარასდროს აღარ მოვიდე?! ხომ ეს გინდა... მითხარი. - ვაგრძელებ ჯიუტად.
- მე მინდა, რომ იცოდე, რა გინდა.
- ვიცი.
- პატარა ბავშვივით იქცევი, ელენე. როგორც კი ურთიერთობას აღვადგენთ, მაშინვე მოგბეზრდება ყველაფერი, იმ წუთასვე.
- არ გინდა, აღარ გინდა, რატომ მარტივად არ მეუბნები.
- ელენე, მე ვიცი, რაც მინდა.
- მე არ გინდივარ. - აღარაფერს ამბობს, სადღაც ჩემს ნიკაპთანაა მისი მზერა გაჩერებული, მერე კარებისკენ იყურება და მშვიდად მეუბნება:
- დამელოდე ორი წუთი, გამოვიცვლი და სახლში წავიდეთ, კარგი?! ნია ინერვიულებს.
- ისე ნუ იქცევი, თითქოს გადარდებდეს, სახლში საერთოდ მივალ თუ არა.
- ალბათ, მადარდებს.

ვთანხმდები, მაგრამ სახლში შედის თუ არა,   უკანმოუხედავად ჩამოვრბივარ საფეხურებს. ისე მეტირება, მგონია, სადაცაა გული ამომვარდება. სადარბაზოდან გიჟივით გამოვდივარ და უკუსვლით მომავალ მანქანას ვეჯახები. მძღოლი ამუხრუჭებს და მანქანიდან გადმოდის.

- ნამდვილად ვერ დაგინახეთ. მგონი, მე დავამუხრუჭე, მაგრამ თქვენ დამეჯახეთ. - მეუბნება გაოგნებული.
- მგონი, არაფერი გამიფუჭებია. - ვლუღლუღებ და მანქანის უკანა ნაწილს ვათვალიერებ.
- ეგ არც მიფიქრია. - მპასუხობს უხერხულად.

დამშვიდობების ნიშნად თავს ვუქნევ მძღოლს, რომლის მანქანასაც, არც მეტი, არც ნაკლები, აქეთ დავეჯახე. სწრაფი ნაბიჯით მივდივარ გაჩერებისკენ. თავში ნიკას სიტყვები მიტრიალებს. სინანული... ახლა ნამდვილად ვნანობ... მთელი სხეულით ვნანობ, ყველაფერი მტკივა... აუტანლად მტკივა, მაგრამ უტას არ ესმის. დარწმუნებული ვარ, ვერ ხვდება, რამხელა ტკივილს მაყენებს, თუმცაღა რა უფლება მაქვს, საერთოდ რამე ვთხოვო მას შემდეგ, როგორც მოვექეცი. ვიღაც უცხოსთან რომ გავქცეულიყავი, ჯანდაბას. ცხვირწინ მის საკუთარ ნათესავს ვეკეკლუცებოდი. ეს რომ იცოდეს, ალბათ, სამუდამოდ შემიძულებდა, შერიგებაზე ხომ ზედმეტია საუბარი.

პირველივე შემხვედრ ავტობუსში ვჯდები ისე, რომ არ ვკითხულობ, სად მიდის და იქაურობას ვშორდები. სახლში მისულს ნია გადარეული მხვდება.

- ელი, წადი დედასთან. შენი გადატანა აღარ შემიძლია, ამდენი ნერვიულობა მომკლავს მე. უნდა გამაგიჟო? ტელეფონი რატომ გაქვს გამორთული?
- არ უნდა შერიგება...
- მესმის... მესმის, რომ რთულია, მაგრამ არც პირველი ხარ და არც უკანასკნელი, ვინც შეყვარებულს დაშორდა. რა გააკეთე იქ, სცენები მოაწყვე? საბოლოოდ მოიჭერი თავი? -მეკითხება და სკამზე ეხეთქება.
- ზუსტად ასე მოვიქეცი.
- ყოჩაღ, ისე იქცევი, რომ მართლა აღარ შეგირიგდება.
- ისედაც არ აპირებდა, ნია. - ვეუბნები და საწოლს ვშლი. ისე განადგურებულად ვგრძნობ თავს, რომ არ დავწვე, წავიქცევი. - შენ არ იცი, რა საშინელი ადამიანი ვარ. არ ვიმსახურებ უტას შერიგებას და არც შენნაირ დას ვიმსახურებ, ნია.
- ნუ დაიწყებ ახლა სასოწარკვეთილი თვითგვემას. მე არ ვფიქრობ, რომ უტას არ იმსახურებ.
- სხვა მომწონდა, მასთან ერთად ყოფნის პერიოდში სხვას ვეფლირტავებოდი. - ნია ჩუმდება და აშკარად გაოგნებულ გამომეტყველებას იღებს.
- ვის? რას ლაპარაკობ? ხომ არ გაგიჟდი?
- ვერ გეტყვი, ახლა ვერ... ოდესმე ალბათ ამასაც მოგიყვები, მაგრამ ახლა ვერა, ნია.
- მგონი, რომ მითხრა, თავს უკეთესად იგრძნობ. - მეუბნება შერბილებული ტონით და საწოლზე მიჯდება.
- ერთმა ბიჭმა მითხრა ერთხელ, ძლიერი ქალი ხარ და ყველაფრის გადატანა მარტოს შეგიძლიაო. ახლა შევეცდები, ეს საკუთარ თავსაც დავუმტკიცო.
- ბიჭის მხრიდან ჭკვიანური ნათქვამი არაა, ელი.
- არც ის ბიჭი იყო ჭკვიანური მიგნება საურთიერთოდ, საფლირტაოდაც კი... მით უმეტეს, ჩემს მდგომარეობაში.
- ელი, მგონი, ვხვდები, ვისზეც ლაპარაკობ.
- არ მგონია, მაგრამ არაფერი მითხრა, ასე მირჩევნია. გთხოვ.

Image result for caroline elena hug
იმ დღის შემდეგ ნია აღარაფერს შემკითხებია. არაერთხელ მიფიქრია, მართლა ხვდებოდა თუ არა, ვისზე მქონდა ლაპარაკი. ნეტავ თუ შეეძლო წარმოედგინა, სადამდე შემეძლო შეტოპვა; ან იმას თუ ხვდებოდა, რომ გრძნობებზე გადაყოლილ, არასრულფასოვნების განცდით დაჯილდოებულ ადამიანთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც მზად იყო, სიტყვების და განცდების სანაცვლოდ უსინდისოდ მოქცეოდა თავის გარშემო უკლებლივ ყველა მოკვდავს.

წინა ეპიზოდების წასაკითხად გადადით ავტორის გვერდზე

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 2 /
სოფო
შეარიგე რა:)))
14:19 / 14-09-2018
გამოხმაურება / 0 /
Simartlle
Dzalian momwons madlobas uxdi avtors
13:26 / 14-09-2018
გამოხმაურება / 1 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30