ალბათ არ არსებობს ადამიანი, ვისაც განსაკუთრებული მოგონებები არ აქვს. ჩემი წარსულის ყველაზე გამორჩეული მოგონებები კი ერთ ძალიან უცნაურ სოფელს უკავშირდება, რომლის არსებობაც ალბათ ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცის...
ყველაფერი დაიწყო ასე:
თხუთმეტი წლის ვიყავი, როდესაც ზაფხულის ერთ მზიან დღეს, ორი მნიშვნელოვანი ამბავი გავიგე: - ბიჭმა, რომელიც ორი წელი ცალმხრივად, პლატონურად მიყვარდა და რომელიც ჩემი პირველი სიყვარული იყო - ცოლი მოიყვანა, და მეორე: - პაპაჩემმა სადღაც, რომელიღაც სოფელში სახლი გვიყიდა და დღედღეზე უნდა წავსულიყავით...
პირველმა ამბავმა შემძრა. მთელი დღეები მოვთქვამდი და მეგონა, ყველაფრის ინტერესი დავკარგე. ჩემთვის უკვე სულ ერთი იყო, სად წამიყვანდნენ მშობლები.
რამდენიმე დღეში, ბარგი ჩავალაგეთ და მამას მანქანით დასასვენებლად ჩემთვის სრულიად უცნობ სოფელში გავემგზავრეთ, რომელსაც უცნაური სახელი - ივანოვკა ერქვა.
ამ სოფელზე ძალიან მწირი ინფორმაცია გვქონდა. 90-იანი წლები იყო, შესაბამისად, ვერც ინტერნეტში მოვიძიებდი რაიმეს და ვერც google map-ზე ვიპოვიდი მას. თეთრი წყაროს რაიონიდან ტყეში გადავუხვიეთ და ძალიან ლამაზ გზას დავადექით.
როგორც ჩანს, ეს გზა ძალიან დიდი ხნის წინ გაიყვანეს და აღარ შეუკეთებიათ. რამდენიმე ადგილას ზედ კლდის პირას გადიოდა და დიდი სიფრთხილე იყო საჭირო, რომ ხევში არ გადაჩეხილიყავი.
გზის ორივე მხარეს დაბურული ტყე იყო. მაყვლის საოცარი სურნელი ტრიალებდა ჰაერში.
როგორც იქნა, სოფლის შესასვლელიც გამოჩნდა. ჩემი ყურადღება თავსაფრიანი ქალის უცნაურმა ქანდაკებამ მიიქცია, რომელიც ქვის სკამზე იყო ჩამომჯდარი.
სოფელში ნელი სვლით შევედით. გზად არავინ შეგვხვედრია. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს რაღაც უბედურება მოხდა და სოფელი დაცარიელდა.
სახლი, რომელიც პაპამ იყიდა, სოფლის ბოლოში, ყველაზე მაღლა იყო. მის უკან ტყე იწყებოდა, ხოლო აივნიდან უსასრულო ჰორიზონტი იშლებოდა. სახლს გარე ფასადი ცისფერი ჰქონდა. მისი პოვნა არ გაგვჭირვებია. როგორც პაპამ გვითხრა, ყველაზე მაღლა, ზედ ტყის პირას იდგა. პატარა, კოხტა ცისფერი სახლი. დაბლა მარნითა და ამბარით. ზემოთ დიდი აივნით, რომელსაც რკინის ვერცხლისფერი რიკულებიანი მოაჯირი ჰქონდა.
სახლი დანახვისთანავე მომეწონა. უცნაურ განწყობას გიქმნიდა… გვერდით დიდი ძველებური აგურის ღუმელი ჰქონდა მიშენებული, რკინის გადმოსაწევი კარით.
სახლის კედლები ძალიან სქელი იყო და შიგნით სასიამოვნოდ გრილოდა. მიწური იყო. ერთ ოთახში ყვითელი ლინოლეუმი დაეგოთ, ხოლო მეორეში ძველი ხალიჩა ეფინა. ოთახებში რკინის საწოლები, ძველებური ხის ჭურჭლის სერვანდი, მაგიდა და მასიური ტანსაცმლის კარადა იდგა, რომელსაც ფერადი მოზაიკით გაწყობილი, დაბურული სარკე ჰქონდა.
ჩვენს გვერდით მოხუცი კაცი ცხოვრობდა, აფანასი ერქვა. დილა-საღამოს თავისი სახლის ჭიშკართან დაჯდებოდა და ხელში კრიალოსანს ათამაშებდა. გამუდმებით ჩამესმოდა ორი სიტყვა: – „ელა“ და „კალიმერა“, რაც ბერძნულად „მოდის“ და „გამარჯობას“ ნიშნავს. მოგვიანებით მეც ასე ვესალმებოდი ბერძნებს. ვსეირნობდი ფიჭვნარში და ხშირად ვსტუმრობდი ძველი ბერძნული ამფითეატრის ნანგრევებს. აქ ყოფნა განსაკუთრებით მსიამოვნებდა. თან დროს ვკლავდი, რადგან ხმის გამცემი არავინ მყავდა…
ერთხელ, მამამ სათევზაოდ ტბაზე წამიყვანა, რომელიც სოფლიდან სამ კილომეტრში იყო. თან ორი ანკესი წავიღეთ. გზის გარკვეული მონაკვეთი ხევის პირზე გადიოდა. უცებ, ძალიან უცნაური სურათი გადაიშალა ჩემს თვალწინ. ხევის სიღრმეში, ყველაზე ჩაღრმავებულ ადგილას სახლი დავინახე. მხოლოდ ერთი დაკლაკნილი ბილიკი ამოდიოდა ხევზე და ტყეში იკარგებოდა. სახლს მზე არასოდეს უდგებოდა, რადგან ზემოდან ფიჭვნარი დაბურული ტყე ეფარა ქუდივით.
კარგა ხანს ვაკვირდებოდი. მაინტერესებდა, ცხოვრობდა თუ არა ამ ღვთისაგან მივიწყებულ ადგილას ვინმე, მაგრამ არავინ დამინახავს. ეს სახლი ფენტეზის ჟანრის ფილმისთვის მისწრება იყო, რადგან მოთხრობებსა და ფილმებში სწორედ ასეთ ადგილებში ცხოვრობენ ჯადოქრები და ალქაჯები. ყველასაგან მოშორებით, მალულად, ტყეში ან ხევში შემალულ ქოხში ეწევიან თავიანთ შავ-ბნელ საქმიანობებს. როგორც გავიგე, ეს სოფელი „ვიზიროვკა“ ყოფილა, სადაც მარტო ორი თუ სამი სახლი იყო...
მარტოობა მალე მომბეზრდა. მთელ დღეებს ბოდიალსა და კითხვაში ვატარებდი. ხმის გამცემი მენატრებოდა. სოფელში კი ვერავის დაელაპარაკებოდი, რადგან აქ სულ 75 ადამიანი ცხოვრობდა და ყველანი ბერძნები იყვნენ.
ერთხელ, აივანზე ვიჯექი და წიგნს ვკითხულობდი, როდესაც დავინახე, რომ ღობესთან ორი ბიჭი ჩაკუზულიყო და ჩუმად მითვალთვალებდნენ. მოგვიანებით ორივე გავიცანი. ქართველები აღმოჩნდნენ, ჩემსავით დასასვენებლად იყვნენ ჩამოსულები. ასე გავიცანი სამი ქართული ოჯახი. უცნაურად დაემთხვა, რომ სამი გოგო და სამი ბიჭი, ზუსტად ერთი ასაკისა ვიყავით.
ექვსივე დავმეგობრდით და ისე ვერთობოდით, რომ ჩემი პირველი წარუმატებელი სიყვარულისგან გამოწვეული ტკივილი საერთოდ დამავიწყდა. ყოველ ზაფხულს სულმოუთქმელად ველოდით, რომ ერთმანეთი გვენახა და ჩვენი თავგადასავლები გაგრძელებულიყო.
დავდიოდით ყველგან, ვპოულობდით უცნაურ ადგილებს, მაგრამ სამწუხაროდ, მაშინ არც სმარტფონები იყო, რომ ფოტოები გადაგვეღო. რამდენიმე წლის შემდეგ კი, ჩემმა მშობლებმა ჩემი საყვარელი ცისფერი სახლი გაყიდეს...
მე დავკარგე საყვარელი ადგილი და საუკეთესო მეგობრები. „ივანოვკას“ მხოლოდ სიზმრებში ვხედავდი და საშინლად მტკიოდა გული, რომ ძვირფასი მოგონებების შენახვა ვერ შევძელი.
გავიდა წლები. მე გავიზარდე. შეიცვალა ყველაფერი. ინტერნეტმა კი საშუალება მომცა, წლების წინ დაკარგული მეგობრები მეპოვა... მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გავაკეთე ის იყო, რომ ჩემი საყვარელი „ივანოვკის“ სანახავად წავედი...
ძალიან მინდოდა მენახა ჩემი პატარა ცისფერი სახლი, ჩემი საყვარელი ადგილები და ბევრი ფოტოები გადამეღო.
"ივანოვკაში" ბერძნები აღარ ცხოვრობენ. სახლების უმეტესობა მიტოვებული და დანგრეულია.
ღამე მეგობრები ცეცხლს ვანთებთ და ხეებზე გაბმულ ზეწარზე საშინელებათა ფილმს ვუყურებთ.
ახლა, ყოველთვის, როდესაც სევდა ან ნოსტალგია შემომაწვება, გადმოვიღებ ჩემს საყვარელ ფოტოწიგნს, რომელიც სპეციალურად შევქმენი და „ივანოვკაში“ ვმოგზაურობ.
პრიალა ფურცლებზე ჩემი საყვარელი ადგილები ცოცხლდება და მე წარსულში ვბრუნდები. ამ დროს მე ძალიან ამაყი ვარ. ამაყი ვარ იმიტომ, რომ წარსულის გაცოცხლება შევძელი და მოგონებები სამუდამოდ შევინახე!