ბლოგი
თუ ინანებ: თავშეკავების ინდიკატორი
თუ ინანებ: თავშეკავების ინდიკატორი
ყოველ დილით ვამჩნევ, რომ ისტერიკული მოლოდინის რეჟიმში ვარ გადასული. საქმე იმაშია, რომ თითქმის დამოკიდებულებაში მაქვს გადასული უტასთან ჩემი ურთიერთობა და ვეღარ ვეგუები, რომ არ მწერს და არ მირეკავს.
მართალია, ტექსტები ძირითადად შემდეგნაირად ჟღერდა: "ჩაიცვი, რამე შევჭამოთ ერთად," "მოტოთი ვისეირნოთ" ან " მარტო ვარ და ჩემთან ამოდი, უნდა დავტკბე შენი ყურებით",
მაგრამ ესეც მაკლია.

ხომ შეუძლია, ის მაინც მომწეროს, რომ გაბრაზებულია, ან ის მაინც, რომ არ მაპატიებს. რამე ხომ შეიძლება მითხრას. მისი დუმილი ეჭვს მიღრმავებს და მაფიქრებს, რომ არც არასდროს ვუყვარდი. ქალღმერთი, რომელიც მშვილდ-ისრით ორ კურდღელს მისდევდა და ორივე ფერხთით ჰყავდა, ახლა სრულიად ხელმოცარული მოჩანჩალებს ტრიალ მინდორზე, მხოლოდ მშვილდით, კურდღლების და ისრების გარეშე.
საღამოს გუგა მწერს. არადა, მართლა აღარ ველოდი მის გამოჩენას.

GUGA: "თუ შეგიძლია მნახე"
რვა საათისკენ მთვრალივით მივბოდიალობ ჩემს ქუჩაზე და გაჩერებასთან გუგას მანქანას ვამჩნევ. გადაწყვეტილი მაქვს, რომ დღეს მაინც დავასწრო და მე დავშორდე. ხომ არ შეიძლება, ერთ კვირაში ორმა კაცმა მიგატოვოს. მანქანაში ჩაჯდომისთანავე მის თბილ მზერას ვეგებები და სახიდან მკაცრი გამომეტყველება ჩემდა უნებურად მიქრება. მგონი, ავადმყოფი ვარ. მზად ვარ, ყველამ მატკინოს, ოღონდ მე ნუ ვატკენ ნურავის.

სტანდარტული მოკითხვების შემდეგ თავზე ხელი ნერვიულად გადაისვა და ხმადაბლა მითხრა:

- ზოგჯერ მინდა, რომ წავიდე შენი ცხოვრებიდან. უხეშად გექცევი და გწერ და მერე ვფიქრობ - რა სისულელეებს ვაკეთებ. მერე ვნანობ...
ის წვერიანი ახალგაზრდა მახსენდება, გაბრიელის დაბადების დღიდან. დავიჯერო, ეს ის სინანულია, რაზეც ლაპარაკობდა?! ცხადია, არაფერი აქვს მასთან საერთო. როცა ნანობენ, მეორედ ხომ იმავე სისულელეს აღარ აკეთებენ. რამდენნაირი სინანული არსებობს ნეტა საერთოდაც.
Image result for caroline sad
- ორივემ ვიცით, სადამდე მიგვიყვანს ეს ყველაფერი, მაგრამ რომ ვერც გეშვები, რა ვქნა. - ხმას არ ვიღებ და ის განაგრძობს. - დილით რომ ვიღვიძებ და შენი  მოწერილი მხვდება, აი, ისეთი, მე რომ მიყვარს, გრძელი და განსაკუთრებული შინაარსის, მომენტალურად მთიშავს და ენერგიას მაცლის, მაგრამ მაინც მიყვარს, იმიტომ, რომ დილა, როცა შენი არაფერი მხვდება, მკვდარია, უინტერესო. ფაქტობრივად, ის დღე არ ვარსებობ.

მორჩა, საბოლოოდ გადამიარა სურვილმა, რომ დაველაპარაკო. მიუხედავად იმისა, რომ უტას დაკარგვას აშკარად განვიცდი და იმედს არ ვკარგავ, რომ დამიბრუნებს, მაინც არ შემიძლია ვატკინო. სასოწარკვეთილად შეყვარებული მეჩვენება და ხმის ამოღების უნარი მერთმევა. გუგა ისევ თავზე ისვამს ხელებს ნერვიულად, მერე თითქოს გადაწყვეტილებას იღებს, ბრუნდება და გულში მიხუტებს. ასე ვართ ალბათ რამდენიმე წუთი. მერე ხელს მიშვებს და მკოცნის, თვალებში მიყურებს და მერე ხელახლა მკოცნის. მერე ისევ მეხუტება. თავს კარგად ვერ ვგრძნობ, ვბრუვდები და თავბრუსხვევა ნელ-ნელა მიძლიერდება. სიგარეტს ვეწევი და კიდევ უფრო ცუდად ვხდები. სახლში წაყვანას ვთხოვ და მგონი, თვითონაც იმავე აზრზეა. მანქანას გაჩერებასთან ტოვებს და სახლში ფეხით მაცილებს. ჩვეულებრივ ამბებს განვიხილავთ და თავი ისე მიჭირავს, თითქოს ამ რამდენიმე წუთის წინ ისეთი არაფერი ჩამედინოს, ჩაგვედინოს, უფრო სწორად, მაგრამ ყველას თავის წილი პასუხისმგებლობა გვაქვს. ის, რომ ორივემ დავაშავეთ, მდგომარეობას არ მიმსუბუქებს. მართალია, არსებითად დავშორდი უტას, მაგრამ გულის სიღრმეში დაშორების წამიდან მასთან შერიგებაზე ვფიქრობ. არ ვიცი, იმიტომ, რომ გუგას იმედი არაფერში მაქვს თუ იმიტომ, რომ უტა მიყვარს, და თუ უტა მიყვარს, მაშინ ნამდვილი არამზადასავით ვიქცევი.

საღამოს გუგას ვწერ.
ELI: "ხომ არ ნერვიულობ?"
GUGA: "შენ როგორ ფიქრობ? "
ELI: "მე მგონია, რომ ნერვიულობ"
GUGA: "ელენე, იქნებ რამდენიმე დღე აღარ მივწეროთ ერთმანეთს. ისეთი აფორიაქებული ვარ, ცოტა თუ არ დავმშვიდდი, კარგად არ დავამთავრებ მგონი"

საწოლში ვჯდები და თავს ხელებში ვრგავ. ჩემი ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ თავს დამცირებულად ვგრძნობ... ისევ... ეს ერთადერთი პრობლემა, მაგრამ არა... ამაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ურთიერთობის დაწყების წამიდან არ დავასამარე ყველაფერი. ასე ავიცილებდი უზარმაზარ ნერვიულობას და გუგას თვალშიც ალბათ მეტი ფასი მექნებოდა.
ისევ ნიკას სიტყვები მახსენდება: "ქალის ღირსება განისაზღვრება მისი თავშეკავების ინდიკატორით"... და რა არის ჩემი თავშეკავების ინდიკატორი?! "0", აბსოლუტური "0".


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30