მეორე დილით გადავწყვიტე, უტას დავლაპარაკებოდი. ვთხოვე, სადმე ვენახე. საღამოს შემხვდა. ლაპარაკი საოცრად მიჭირდა, მაგრამ მეტი გზა არ მქონდა.
მგონი, ხვდებოდა ჩემი ბოლოდროინდელი გამოხტომებიდან გამომდინარე, რომ რაღაც ისეთი უნდა მეთქვა, რაც ატკენდა გულს, მაგრამ მაინც მშვიდად იჯდა. არ ვიცოდი, როგორ დამეწყო ან საიდან დამეწყო. თვითონაც არაფერს ამბობდა. ყავა მოგვიტანეს და წინ რომ დაუდგეს, თითქოს გათავისუფლდა, ლამბაქს დაჰყურებდა განუწყვეტლივ და თითს აყოლებდა მის მკვეთრ ზოლებს. ვგრძნობდი, რომ საშუალებას მაძლევდა, მელაპარაკა.
- ხვდები, მგონი, რისთვისაც შეგხვდი. საქმე იმაშია, რომ ამ ურთიერთობის გაგრძელების აზრს ვეღარ ვხედავ. სულ გაღიზიანებული ვარ, სიტუაციას ვეღარ ვუმკლავდები, ვერც საკუთარ ემოციებს და მოთხოვნებს... ბევრჯერ გვილაპარაკია, უფრო სწორად, მილაპარაკია ამაზე. პატივს გცემ და გაფასებ, არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ და ვიცი, რომ ხშირად არ მეუბნები, მაგრამ სავარაუდოდ, გიყვარვარ კიდეც. უბრალოდ, ცხოვრებამ, სადაც მხოლოდ ჩემი ვარაუდები მაქვს შენს გრძნობებსა და ჩვენს მომავალზე - ძალიან დამღალა. ის, რომ არაფერს განვიხილავთ არასდროს... ის, რომ გეგმები არ გვაქვს... ის, რომ სექსის გარდა არაფერი გვაქვს... მომბეზრდა, ასე ვეღარ გავაგრძელებ, ვერც სხვანაირად... ჩემს ადგილს შენს დივანზე ვხედავ მხოლოდ და არა შენს ცხოვრებაში. საკუთარ სიტყვებზე ისე ემოციურად განვეწყვე, ცრემლები თავისით წამომცვივდა. გულწრფელად მეტირებოდა, გარშემო ამდენი ხალხი რომ არა, ვიღრიალებდი.
- რატომ მეგონა, რომ ბედნიერი იყავი? თავი ისე რატომ გეჭირა, რომ მოგწონდა თუნდაც ის, რომ ერთად ვიწექით? ესეც ხომ სიყვარულის გამოხატულებაა? რატომ ფიქრობ - ამის იქით რომ არაფერს ვგრძნობდე, ამდენი წელი ერთად ვიქნებოდით?! ან ისე რატომ განიხილავ ამ ყველაფერს, თითქოს შენ არაფერს იღებდი სრულიად ამ ურთიერთობიდან?
- ბედნიერი ვიყავი, მართლა. თავიდან საკმარისი იყო ეს ყველაფერი, სრულიად საკმარისი, მაგრამ მე მეტი მომინდა...
- ჩემთან აღარ გინდა, ეს არის მიზეზი ყველაფრის. ამ ეტაპზე, ამაზე მეტის შემოთავაზება არ შემიძლია, ელი. ახლა ცოლობას ვერ გთხოვ და მამაჩემის ცოლთან ვერ წაგიყვან საცხოვრებლად, კარგად იცი, და მგონი, ეს არც გინდა, მაგრამ პრობლემა ამაში არ არის. რატომ არ გინდა, ნამდვილი მიზეზი მითხრა?!
გამაცია. უკვე მერამდენედ მგონია, რომ ყველაფერი იცის და მცდის, და ეს ყველაფერი გონების დაკარგვამდე მაშინებს, ან უფრო, მგონი, მარცხვენს.
- ახლაც ვერ ხედავ პრობლემას საკუთარ თავში. რატომ არ გინდა, რომ გამიგო? არ მჯერა, რომ არ გესმის ჩემი.
- ელენე, მე ვერ შეგპირდები, რომ ოდესმე მჭევრმეტყველი გავხდები, რომანტიკულ საღამოებს მოგიწყობ და ლექსებს წაგიკითხავ, იმიტომ, რომ ამის გამკეთებელი არ ვარ, ასეთი არ ვარ, ჩემს ბუნებაში არ ზის ეს, რატომ არ გესმის? თუ მართლა ესაა მიზეზი მხოლოდ, მაშინ წადი, ელი, მოძებნე, ვინც გჭირდება, როგორიც გჭირდება. - მის სიტყვებზე თავი მიბრუვდება და ბოლო წინადადება წამში ასჯერ მეორდება გონებაში. მგონი, ისე ვბრაზდები, რომ მზად ვარ, თვალები გამოვკორტნო.
- ასე მარტივად??? - ვეკითხები და ნერწყვს ძლივს ვყლაპავ.
- ელი, მოდიხარ და მეუბნები, რომ ურთიერთობის გაგრძელების აზრს ვერ ხედავ, ვერ გავსებ და ბედნიერი არ ხარ ჩემთან. გთანხმდები, რომ ბედნიერება ეძებო. რა გავაკეთო, სხვანაირი ვერ გავხდები, ვერ... და არც ის შემიძლია, ახლა ცოლად წაგიყვანო, არანაირი სახსრები არ მაქვს ამისთვის ელენე, არც დრო.
- არ გიყვარვარ, არც არასდროს გყვარებივარ, ასე მარტივად ამიტომ მიშვებ.
კონტროლს ვკარგავ და ხმას ვუწევ, აღარ ვფიქრობ იმაზე, რომ გარშემო ხალხითაა სავსე... საოცარი ის არის, რომ მართლა გონების დაკარგვამდე მეშლება ნერვები.
- ელენე, თვეზე მეტია, რაც ჩემთან ყოფნისას სულ გაქცევას ცდილობ. ერთად რამდენი ხანია არ ვყოფილვართ?
- ვწოლილვართ.. - ვაწყვეტინებ მე.
- ჰო, ვწოლილვართ, მეც მაგის თქმა მინდა, მაგრამ ამას ყოველთვის ისე რატომ გამოთქვამ, თითქოს შენი სურვილის საწინააღმდეგოდ ვაკეთებდი, თითქოს მხოლოდ მე მინდოდა...რა საზიზღრობაა...რას აკეთებდი ამდენ ხანს ჩემთან, ასე თუ ფიქრობდი?!
ასეთს პირველად ვხედავ, შუბლთან სისხლძარღვები ეტყობა, ზომაზე მეტად ჩამოზრდილ კულულებს ხელით ნერვიულად იცილებს შუბლიდან, თვალები უელავს ბრაზისგან და ტუჩებს ნერწყვი უსველებს გამალებული ლაპარაკისგან. სკამს ხმაურით სწევს უკან და ფეხზე იჭრება.
- ჯანდაბა, მართლა შეუძლებელია შენთან მოლაპარაკება. რადგან საყვედურებით არ გავსებ და არ ვწუწუნებ შენსავით, იმას არ ნიშნავს, რომ შენ ყველაფერს სწორად აკეთებ. როგორ დამღალა მუქარამ, რომ დამშორდები. წადი და მოძებნე ვინმე სენტიმენტალური და რომანტიკული, ვინც დღესვე მოგიყვანს ცოლად.
ბოლო სიტყვებზე ხმას საგრძნობლად უწევს და მაგიდაზე ორივე ხელს არტყამს. ორივე ჭიქა ჰაერში ხტება და ხელუხლებელი ყავა ფინჯნებიდან გადმოდის. ნერწყვს მძიმედ ვყლაპავ და ისეთი განცდა მაქვს, თითქოს სრულიად სხვა ადამიანი მიყვირის... საერთოდ უცხო. საქმე იმაშია, რომ პირველად არ მაქვს პასუხი არაფერზე, თავში არანაირი აზრი არ მომდის. ერთი წამი ჩუმდება, მაგიდას აშტერდება და მერე მიდის. უკან არ იხედება, ისე მიდის, გარბის და მე მგონია, რომ თავს დასვენებულად იგრძნობს. ისევ სკამზე ვზივარ და ვხედავ, მოტოციკლზე როგორ ჯდება, ჩაფხუტს ირგებს და არანორმალური სისწრაფით მიქრის. წამის მეასედში ხმაც კი წყდება და საშინელი განცდა მეუფლება. მინდა, რომ დრო დავაბრუნო ერთი საათით უკან და სრულიად სხვა სიტყვები ვუთხრა. პირველად ვიკამათეთ ორმხრივად და პირველად მიყვირა ამ წლების მანძილზე... პირველად ვნახე ასეთი გაცეცხლებული. გარშემო, ყველა მაგიდიდან მე მიყურებენ და ზოგან ჩურჩულებენ. სკამიდან წამოდგომას ვერაფრით ვერ ვახერხებ. ყურში მოტოციკლის ხმა ჩამესმის ისევ და თავში უტას სიტყვები ნაწყვეტ- ნაწყვეტ მიტრიალებს.
ხუთი წუთის შემდეგ თავს ხელში ვიყვან, მძიმედ ვდგები სკამიდან და ვცდილობ, შეუმჩნევლად გამოვიდე. ვერაფრით ვიხსენებ, რა ნომერ ავტობუსს ველოდები, თუმცაღა გაჩერებაზე ვდგავარ და არცერთის ნომერს არ ვუყურებ. ისეთი განცდა მაქვს, რომ რაღაც ძალიან საჭირო აღარ მაქვს; განცდა, რომ სამყარომ ბრუნვა შეწყვიტა და რომ არავის აღარ ვჭირდები. ის მაწუხებს ყველაზე მეტად, რომ მგონია, შვება მოჰგვარა ჩემმა მიტოვებამ. ნუთუ არ შეიძლებოდა ეთხოვა, რომ არ წავსულიყავი, ამის ნაცვლად აქეთ მიმატოვა... ჰო... ნამდვილად ასე გამოვიდა.