გოთებზე უმეტესობას მხოლოდ ზედაპირული და ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს. ბევრისთვის სახელი “გოთი” უცნაური იმიჯის მქონე ადამიანებთან ასოცირდება, რომლებიც უცნაური მუსიკის მოსმენით არიან გატაცებულნი.
– ვინ არიან სინამდვილეში გოთები და საერთოდ, როგორ წარმოიშვა ეს მიმდინარეობა? ამ კითხვამ დამაინტერესა და გადავწყვიტე, ამ საკითხს უფრო ჩავღრმავებოდი. ძიების დროს, ბევრი საინტერესო რამ გავიგე მათ შესახებ და გადავწყვიტე, თქვენთვისაც გამეზიარებინა.
სიტყვა “გოთიკა”, “გოთური კულტურა”, იტალიდან მომდინარეობს – “gotico”, ნიშნავს “ბარბაროსულს, უჩვეულოს”. “გოთებს” ბარბაროსულ ტომებს ეძახდნენ, რომელთაც IV საუკუნეში რომის იმპერია გაანადგურეს (თუმცა, მათ გოთურ კულტურასთან საერთო არ ჰქონდათ). გოთურ ხელოვნებას, იქნება ეს სურათი, მუსიკა, წიგნი თუ რაიმე სხვა, უნდა გააჩნდეს “მუქი რომანტიკის” სტილისთვის დამახასიათებელი ატმოსფერო. უფრო კონკრეტულად კი, ამ ჟანრის პროდუქტი უნდა ატარებდეს იდუმალ, მისტიკურ და შეუცნობელ ხასიათს. გოთიკური ლიტერატურა მჭიდრო კავშირშია საშინელ საიდუმლოებებთან, მაგიასთან, ირაციონალურ მოვლენებთან, საიქიოსთან.
პერსონაჟებს შორის გვხვდებიან ვამპირები, მაქციები, მოჩვენებები და სხვა ამოუცნობი არსებები. როგორც წესი, მკითხველს ზარავს დაძაბული, მისტიკური და საზარელი ატმოსფერო, სადაც ვითარდება მოქმედება. ფერწერაში გოთიკური სტილი დაახლოებით 1200 წელს, ინგლისში გამოჩნდა. 1220 წელს გერმანიაში და 1300 წელს იტალიაში. ფერწერის მეთოდები იგივე დარჩა, შეიცვალა ნახატის შინაარსი. რელიგიური თემატიკის გარდა, გაჩნდა პეიზაჟი, ნატურმორტი. ყველაზე პოპულარული კი, ნახატზე რეალური ადამიანის, დამკვეთის გამოსახვა იყო. ამგვარად განვითარება დაიწყო ერთ-ერთმა ჟანრმა – პორტრეტმა. გოთიკამ, როგორც სუბკულტურამ, განვითარება 70-80-იანი წლების მიწურულს დაიწყო.
გოთების სუბკულტურა, პრაკტიკულად, ყველაზე იდუმალი და ყველაზე უჩვეულოა. გოთების სიმბოლოდ “ანხი” მიიჩნევა, ძველი ეგვიპტური ჯვარი ან “ნილოსის გასაღები”. მთავარი სხვაობა გოთსა და ჩვეულებრივ ადამიანს შორის არის განსაკუთრებული “გოთური” ცხოვრებისეული პრინციპები, რომლებიც ბევრისთვის მიუღებელი და უჩვეულოა. ერთ-ერთი ასეთი პრინციპი არის “carpe diem” ("დაიჭირე წამი"), რომლის თანახმად, დღევანდელი დღე შეიძლება აღმოჩნდეს უკანასკნელი შენს ცხოვრებაში. ამიტომ ეს დღე უნდა გავატაროთ შესაბამისად. გოთები, ნაცვლად იმისა, რომ პოზიტიური ემოციებით დატკბნენ, შთაგონებას დეპრესიიდან, სასოწარკვეთილებიდან და სულიერი ტკივილიდან იღებენ.
გოთები ინდივიდუალისტები არიან. ადვილად რომ ვთქვათ, მარტოსულები. მათ საკუთარი ცხოვრებისეული ფილოსოფია აქვთ. ისინი, არსებითად, რომანტიკოსები არიან, თუმცა რომანტიზმის კონცეფცია საკუთარი აქვთ.
“mopey goths” (სევდიანი-გოთები), – perky goth-ის ზუსტი საპირისპიროა. ის წარმოადგენს გოთური სუბკულტურის პირვანდელ სახეს. მათი მიმდევრები ჩაკეტილები, დეპრესიულები (ხანდახან ზედმეტადაც), მარტოობისკენ მიდრეკილები არიან. მათთვის გოთიკა მთელი ცხოვრებაა.
მას შემდეგ, რაც გოთურმა სუბკულტურამ მიზანმიმართული განვითარება დაიწყო, ახალი სახეობა წარმოიქმნა. ე.წ. perky goth (მხიარული-გოთები). ამ სახეობის მიმდევრებისთვის გოთიკა უბრალოდ იმიჯია. დეპრესიულობა და ჩაკეტილობა მათი სტილი არ არის. mopey goths და perky goths წარმოადგენს ორ უკიდურესობას. უმრავლესობა თანამედროვე გოთებისა, ადგილს დაახლოებით, ამ ორი მიმდინარეობის შუაში იკავებს, მხოლოდ ოდნავ იხრება რომელიმე მხარეს. ამ ორი კატეგორიიდან დამოუკიდებლად, ცალკე, კიდევ არსებობს გოთების “ქვესახეობები”, მაგალითად, - პანკ-გოთები, რომლებიც ორი სუბკულტურის შერწყმის შედეგად გაჩნდნენ. გარეგნულად ისინი ჩვეულებრივ პანკებს მოგვაგონებენ, შავი სამოსით, დახეული ჯინსებით, ტყავის ქურთუკებით და უხეში მეტალის სამკაულებით.
მეტ-ნაკლებად ტრადიციულად, “antiquity goth” (ანტიკვარული გოთები) გამოიყურებიან. მათ იმიჯში წამყვან თემას კონკრეტული, ისტორიული ეპოქის სტილი წარმოადგენს (ვიქტორიანული, რენესანსი, რომანტიზმი). მათი ქცევა და მანერები, შუა საუკუნეების არისტოკრატების მსგავსად, ზედმეტად თავაზიანია.
“cyber goth” (კიბერ-გოთები) განმაცვიფრებლად გამოიყურებიან. ეს გოთების ყველაზე უცნაური და ყველაზე ახალი სახეობაა. კიბერ-პანკისა და გოთიკური კულტურის ნარევი. გარეგნულად: – “მჟავას” (acid) ფერის სათვალეები, კონტაქტური ლინზები, რომლებიც თვალს რაც შეიძლება არაბუნებრივ ფერს ანიჭებს. თავზე უცნაური ქაოსური ვარცხნილობები. თმაც მჟავას ფერებში შეღებილი. ბევრი გოთი იყენებს ე.წ. ანდროგენულ სტილს. თუ ქუჩაში ზემოხსენებული სტილის მიმდევარი გოთი შეგხვდათ, ძნელად გაარჩევთ, მამაკაცია თუ ქალი. ამ სახეობის გოთები იცვამენ ქვედაბოლოებს, ბადისებრ ბლუზებს, კორსეტებს (სქესის მიუხედავად), კოსმეტიკას იყენებენ იმისთვის, რომ დამალონ სქესი და შექმნან შუალედური მდგომარეობა კაცსა და ქალს შორის.
არსებობენ ე.წ. corporate slave goth (კორპორაციებში მომუშავე გოთები) – ისინი მუშაობენ კომპანიებში, სადაც დასაშვებია მხოლოდ განსაზღვრული წესებით ჩაცმა. მათ უწევთ “dress code”-ის გოთიკურ სტილთან შეთავსება. გოგონები ძირითადად იცვამენ გრძელ შავ ქვედაბოლოს და მაქმანებიან ბლუზს ან მკაცრი სტილის შავი ფერის კაბას. ბიჭები ერთადერთ შესაძლო ვარიანტს იყენებენ: შავი საქმიანი კოსტიუმი. აქსესუარები და სამკაულები, ფაქტობრივად, არა აქვთ. ფეხსაცმელი ჩვეულებრივი. ვარცხნილობა კომპანიის წესებზეა დამოკიდებული.
“glitter goth” (fairy goth) (მბრწყინავი გოთები, ან ფერია გოთები) – საკმაოდ უჩვეულო სტილის მქონენი არიან. ეს ქვესახეობა მხოლოდ გოგონებისთვისაა განკუთვნილი. მისი დამახასიათებელი შტრიხი - ყველაზე განსხვავებული ფერებისა და სხვადასხვა სტილის ელემენტების შერწყმაა. თავდაპირველად, fairy goth–ები ცდილობდნენ ფერიების სტილის მიბაძვას. დღესდღეობით, ასეთი რამ ფაქტობრივად, აღარ გვხვდება. ჩაცმულობა: ფერადი კოლჰოტები, “ტოპები” და მოკლე ქვედაბოლოებია. რაც შეიძლება მკვეთრი ფერის (რაც სხვა სახეობის გოთებისთვის სრულიად მიუღებელია).
“western goth” (ვესტერნი გოთები) – სტილი, რომელიც დაიბადა ჯგუფ ”fields of the nephilim”–ისაგან.
“კოვბოის” ტყავის შარვლები, ჯინსები, ტყავის ქურთუკები, მაისურები - fields of the nephilim, კოვბოის სტილის “შლაპები” და ჩექმები. ბუნებრივი ფერის გრძელი თმა.
“tribal goth” (ტომობრივი გოთები) – მათი საყვარელი ატრიბუტი პირსინგია. რაც შეეხება ტანსაცმელს, საკმაოდ ორიგინალურია. გამოიყენება ყველაზე განსხვავებული ნაჭრები, რითაც საბოლოო ჯამში უნდა გამოვიდეს რაღაც ძალიან უჩვეულო და საშიში. ხანდახან თმა არაბუნებრივ ფერადაა შეღებილი. სამკაულებიდან, ყველაზე მეტად გავრცელებული. ვერცხლის და მეტალის ჯაჭვებია.
ასევე არსებობს სტილი - “jeans’n’t-shitgoth” . ამ სტილის მიმდევარი გოთები არ გამოირჩევიან რაიმე განსაკუთრებული გარეგნული სხვაობით. ისინი, პრაქტიკულად, არ განსხვავდებიან ჩვეულებრივი ადამიანებისაგან. ასევე არანაკლებ საინტერესოა გოთი-ვამპირები (vampyre goth), რომლებიც ისვამენ წითელი ფერის კონტაქტურ ლინზებს. იცვამენ, როგორც ვამპირის პერსონაჟები ფილმებში. მათ მოსწონთ სანთლით განათებული ციხე-კოშკების, მთვარის შუქით განათებული სასაფლაოების გარემო და “მუქი რომანტიკა”.
თქვენი არ ვიცი და მე ნამდვილად მომნუსხა გოთიკის იდუმალებამ. შეიძლება იმიტომაც, რომ გოთური არქიტექტურის დიდი თაყვანისმცემელი ვარ.
მოგეწონათ სტატია? გაუზიარეთ მეგობრებს!