დილით ცუდად გავხდი, მაღებინა და ისევ მუცლის ტკივილები მქონდა. სავარაუდოდ, სტრესზე მემართება. ბანაობისას კიდევ ერთხელ მაღებინა და გონება დავკარგე რამდენიმე წამით. არადა, საღამოს თათიას დაბადების დღეზე რესტორანში მივდიოდით მე და ნია.
თათიას ქმარმა მანქანით გამოგვიარა და ერთად წავედით. ცოტა ხანში მისი მეგობრები შემოგვიერთდნენ, ზოგი ცოლით და ზოგიც მომხიბვლელი საყვარლით. გუგა მწერდა, დაჟინებით მოითხოვდა, ახლავე უნდა გნახოო. ნიას იქ ყოფნა იმას ნიშნავდა, რომ არ უნდა გავსულიყავი არსად, მაგრამ მაინც დავთანხმდი.
თათიას მანქანის გასაღები ვეთხოვე. ვუთხარი, უტას ვნახავ ცოტა ხანს და მოვალ-მეთქი. იქვე ახლოს გავედი.
მალოდინა, ალბათ, ნახევარ საათს მაინც და მერე მოვიდა. მის მანქანაში ჩავჯექი, ღვედი მოხერხებულად გავიკეთე და გავუღიმე. ყოველთვის, როცა ასე ღრმად დათრგუნული მხვდებოდა, რაღაცნაირად საპირისპირო განწყობაზე ვდგებოდი და ვცდილობდი, გამემხიარულებინა.
მანქანა დაძრა. ათი წუთის შემდეგ სადღაც შემაღლებულ ადგილას გააჩერა. რომელიღაც ორგანიზაციის ავტოსადგომი იყო, თუ არ ვცდები. აქეთ-იქიდან მანქანები იდგნენ, მაგრამ კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. სკამი უკან გადაწია და გაჩუმდა. დიალოგს, რაც იქ გვქონდა, ვერანაირად ვერ აღვიდგენ ბოლომდე. ისევ იმაზე ლაპარაკობდა, რომ ცუდად იყო, რომ ყველას ატყუებდა, კოცონზე რომ დაწვავდნენ, მაგრამ მაინც რომ ყოველ წამს ელოდა ჩემს მინაწერს.
შეუძლებელია, ყალბი ყოფილიყო იმ წუთას. გულწრფელად განიცდიდა ჩვენ შორის არსებულ არამეგობრულ ფლირტს, რომელიც სადაც იყო, უფრო სერიოზულ და მტკივნეულ თემად გადაიქცეოდა, ასე რომ გაგვეგრძელებინა. არ ვიცი, იმის გაცნობიერებამ, რომ ჩემდა უნებურად ვანადგურებდი, თუ იმისამ, რომ ამ ურთიერთობას დიდი დღე არ ეწერა - მეც დამთრგუნა. იქ, იმ წუთს, მართლა ვიგრძენი უსაზღვრო სევდა. მინდოდა, ჩავხუტებოდი, რომ ეგრძნო, მარტო არ იყო, რომ მეც მასთან ერთად ვიყავი ყელამდე ნეხვში.
განუწყვეტლივ ნერვიულობდა და თავზე ხელს დაუსრულებლად ისვამდა. ტელეფონზე არავის პასუხობდა და კოცონზე დაწვაზე თუ არ ლაპარაკობდა, ჩუმად იყო ან მიხსნიდა, რომ ამ ურთიერთობას პერპექტივა არ ექნებოდა, არასდროს, არც ერთ შემთხვევაში. ასეთ მომენტებში ვფიქრობდი, რომ თავს უფრო ირწმუნებდა, ვიდრე მე მარწმუნებდა. მალევე ვუთხარი, წავიდეთ-მეთქი, ვიცოდი, ნია ინერვიულებდა. მანქანას სანამ დაძრავდა, მთხოვა, ერთხელ ჩავხუტებოდი. ვიფიქრე, რომ ახლა მაკოცებდა. არა, კი არ ვიფიქრე, ეჭვი არ მეპარებოდა და ახლაც არ მეპარება, რომ აპირებდა, მაგრამ გამბედაობა არ ეყო...
რომ ჩავეხუტე, თავი მაღლა ასწია და ტუჩები ნაზად შემახო შუბლზე. თავი ვეღარ შევიკავე და ტუჩის კუთხესთან ვაკოცე. ადგილზე გაიყინა. დაქოქილ მანქანას ვეღარ ძრავდა. რომ წამოვედი და სარკეში გავიხედე, ის ისევ იქ იდგა, უძრავად.
ვეღარ ვიძინებდი. მგონი, გრძნობები მიჩნდებოდა მის მიმართ. იმ ღამეს პირველად დავიწყე იმაზე ფიქრი, რომ უტას დავშორებოდი, თუნდაც მთელი დარჩენილი ცხოვრება ჩუმად შევხვედროდი გუგას, მაინც. არ მეძინებოდა და გადავწყვიტე, მიმეწერა. უბედურება ის იყო, რომ ვეჩვეოდი. საკუთარი ნებით ვეჩვეოდი სამყაროში ყველაზე მერყევ და მშიშარა კაცს. ტელეფონი ავიღე და ტექსტის აკრეფა დავიწყე.
ELI: "ისე ვარ, ბევრს და აზრიანს ვერაფერს მოგწერ. იმ დღეზე მინდოდა მელაპარაკა. უფრო სწორად, საღამოზე, მაგრამ როგორც კი ვცდილობ, იზღუდები და მგონია, რომ ძალიან გაწვალებ...
მანქანაში ნახევარ საათს მაინც გელოდე. არ მოგატყუებ, ბიჭები იდგნენ და რამდენჯერმე შემოიხედეს. გამეხარდა რომ იმ კატასტროფული გონების დაკარგვის და ნარწყევში ბანაობის მიუხედავად, მაინც კარგად გამოვიყურებოდი. სარკე ჩამოვწიე და იმ ნახევარ საათში ათჯერ მაინც ჩავიხედე. იმაზე ვფიქრობდი, რომ მითხარი, ბუნებრივი ხარ და ეგ მაგიჟებსო. თავი ისე ვიგრძენი, თითქოს გატყუებდი. იმიტომ, რომ როცა გნახულობ, სულ თავს ვუვლი და არასდროს ვარ სახლიდან უცებ გამოქცეული. ასე რომ, არც ისე ბუნებრივი ვარ. რომ დაგინახე, ვიგრძენი, რომ მუხლებთან რაღაც შემისუსტდა და მანქანას ვეღარ ვატარებდი. ამიტომ ჩაგიჯექი. სიმართლე გითხრა, იმაზე არ მიფიქრია, რა უნდა გამეკეთებინა. ღრმად მწამდა, რომ ჩახუტება სრულიად ამავსებდა საიმისოდ, რომ კიდევ ერთი ღამე გამეტარებინა ბედნიერ უძილობასა და კიდევ ერთი დღე ბედნიერ შიმშილში...
გული დამწყდა, სახე რომ მოგეღუშა და ნერვიულად წრიალებდი, მარა რა მნიშვნელობა ჰქონდა, მომდევნო ათი წუთი ხომ მაინც ისეთი უნდა ყოფილიყო, მომდევნო ათი დღე რომ მხოლოდ მასზე მეფიქრა... არ ვიცი, რა დამემართა. ის ათი წუთიც და მომდევნო ნახევარი საათიც მარტო იმაზე ვფიქრობდი, რომ უნდა მეკოცნა... რატომ ავიჩემე, რომ ეს მჭირდებოდა მაინცდამაინც, არ ვიცი, მაგრამ მინდოდა... მაგრამ არ მაკოცე და მომდევნო ათი წელი მემახსოვრება, როგორი მუდარით გიყურებდი თვალებში, როგორ კითხულობდი, რა მინდოდა და როგორ არ გაგემეტა, რომ სულ ოდნავ შემხებოდი. წამოსვლაზე იმიტომ დაგთანხმდი, რომ კიდევ ხუთი წუთიც და ნებისყოფა მიღალატებდა აუცილებლად, მაგრამ ის ვერ გავთვალე, რომ ხუთი წუთის ნებისყოფაც კი აღარ მქონდა დარჩენილი. ამიტომ გაკოცე..."
მორე დილით მოწერილი დამხვდა:
GUGA: "ზუსტად ისეთი იყო, მე რომ მიყვარს, გრძელი და აზრიანი. მიყვარს, დილიდან რომ მანერვიულებ და მუშაობის უნარს რომ მაკარგვინებ".