თითქოს შვება ვიგრძენი, მაგრამ ტელეფონისკენ თვალი მაინც გამირბოდა. არ მინდოდა, მოეწერა, მაგრამ თითქოს მაინც ველოდებოდი. თან ისიც ვიფიქრე, იქნებ ახალი გარემო გვჭირდება მე და უტას, რომ ურთიერთობა გამოვაცოცხლოთ-მეთქი.
დედას დავურეკე, ვუთხარი, ჯგუფელის სახლში მივდივარ დასასვენებლად-მეთქი. კი იწუწუნა, მაგრამ გამიშვა.
ბარგი შევკარი და უტასთან ერთად წავედი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ხუთი დღე რაღაცის გამოსწორებას შევძლებდი მასთან ერთად. ერთ-ერთ მთიან სოფელში წავედით. პატარა, მოკრძალებულ სახლში დავსახლდით. ის საღამო გვეძინა და მთელი ღამეც გადავაბით, მგზავრობამ დაგვქანცა. დილით სასაუზმოდ გავედით. მხოლოდ ჩაი დავლიე. ისევ იმაზე ვფიქრობდი, რომ შტერივით დამასწრო იმის თქმა, რასაც მასთან გაბმული ფლირტის პირველივე დღეს ვფიქრობდი.
იმაზე ვნერვიულობდი, რომ ალბათ, ფიქრობდა, მიყვარდა, მაშინ, როცა საერთოდ არაფერს ვგრძნობდი მის მიმართ, რომ მსგავსად ნიასი და ათასი სხვა გოგოსი, მეც შემაყვარა თავი და მერე თავადვე მომიბეზრა. ამაზე ფიქრი მღლიდა და დასვენების - წესით, ოქროს წუთებს ჟანგიან საათებად აქცევდა.
უტაც ისევ ძველებურად აგრძელებდა. ვსაუბრობდით მის სამხატვრო კარიერაზე, მის მომავალ გამოფენაზე, ტილოებზე, საღებავებზე, მის დაპროექტებულ სახლებზე, 3D მაკეტებზე, ჩემს სწავლაზეც ხანდახან. მთავაზობდა, რედაქციაში სტაჟიორად იარე, ბევრ რამეს ისწავლიო. როგორი ცარიელი ვიყავი და რა უკიდეგანოდ მჭირდებოდა ეთქვა, რომ ვუყვარდი, მომავალზე ელაპარაკა. ათასნაირად წარმოვიდგინე აქ, ყველაფრისგან შორს, ბეჭედს როგორ მიკეთებდა თითზე და ჩემს გაურკვევლობას როგორ უსვამდა წერტილს. მაგრამ არაფრით არ დადგა ეს დრო. იმასაც ვფიქრობდი, ვინმე სხვაზე ხომ არ ფიქრობდა ისიც.
საღამოს უახლოეს ქალაქში წავედით. მეოთხე დღე იყო უკვე, რაც იქ ვისვენებდით. ერთი საათი ვიბოდიალეთ, დავათვალიერეთ ტყეში შეჭრილი ულამაზესი ქალაქი. უხმოდ დავდიოდით, მაგრამ გაპროტესტებას აზრი აღარ ჰქონდა. შედეგი ამ დასვენების ის იყო, რომ საბოლოოდ დავრწმუნდი, ჩემსა და უტას შორის გაჩენილი უფსკრული ჩანთქმით მემუქრებოდა... უკან რომ ვბრუნდებოდით, შეტყობინება მივიღე ტელეფონზე. გუგა იყო:
GUGA: "როგორ ხარ?"
სიმართლე უნდა ვთქვა და გულის სიღრმეში გამიხარდა. არ მინდოდა მასთან უთანხმოება, თანაც, უტას თანდასწრებით თუ შევხვდებოდი სადმე, დისკომფორტს და ზედმეტ კითხვებს გააჩენდა ჩვენი გაბუტულობის ამბავი. ვუპასუხე:
ELI: "კარგად ვარ, ვისვენებთ მე და უტა. გამიხარდა, რომ მომწერე."
პასუხად მივიღე:
GUGA: "მეც გამიხარდა, რომ მიპასუხე, არ ველოდი. როდის ჩამოდიხარ? ყავაზე ჩავუსხდეთ, თუ გინდა უტასთან ერთად წამოდი"
ამოვისუნთქე. როგორც იქნა, დავმშვიდდი. ის, რომ უტასთან ერთად მისი დანახვა ნაკლებ დისკომფორტს შემიქმნიდა, მახარებდა. ისედაც ვერ ვიტან კონფლიქტურ სიტუაციებს, ასე მერჩია. უტას სიჩქარის გადამრთველ კოლოფზე ჩამოდებულ ხელს ჩემი ხელი დავადე ზემოდან და მოვეფერე. თავი მოაბრუნა და საკოცნელად თავი გამოსწია ჩემკენ. ორივე ხელით მოვეხვიე. აშკარად კარგ ხასიათზე დავდექი.
თბილისში დაბრუნებიდან ორ დღეში გუგა ვნახე. მართლაც მეგობრული ატმოსფერო სუფევდა, მაგრამ ბევრ სიგარეტს ეწეოდა და თავზეც დროდადრო ხელს ნერვიულად ისვამდა. ყავა დავლიეთ, მის სამსახურსა და ჩემს დასვენებაზე ვისაუბრეთ და დავიშალეთ. სახლში დაბრუნებულმა მდგომარეობის დასადასტურებლად მივწერე:
ELI: "მიხარია, რომ ორდღიანი სისულელის გამო ურთიერთობა არ გავწყვიტეთ და ისევ მეგობრები ვართ"
პასუხი... ისევ არაადეკვატური და შეშლილი. ამ კაცის მერყეობა და ფსიქიკური გაუწონასწორებლობა კვლავაც შოკში მაგდებდა.
GUGA: "ყოჩაღ! თუ იმ ყველაფერს რაღაც სისულელედ განიხილავ, ჩემთვის ასე არაა. როგორც ჩანს, შენთვის იყო რაღაც არარეალური"
ისევ სისულელე გავაკეთე. ამ კაცს საშუალებას ვაძლევდი, რომ ურთიერთობა ემართა თავის ნებაზე და ყოველი ავადმყოფური აზრის გამოვლინების საშუალება ჰქონოდა.
ELI: "ვფიქრობ, რაც რეალურად იყო, გაშინებს ის ყველაფერი და ვცდილობ, არ შევეხო იმ საკითხებს, თორემ მარტივად შემიძლია ჩემს რეალობაზე ყველაფერი გითხრა"
ცხადი იყო, ვცრუობდი. ჩემს რეალობაში, მასზე, როგორც საყვარელ კაცზე, არასდროს მეფიქრა, არც არასდროს მიზიდავდა. რეალობა ის იყო, რომ ფლირტი მომწონდა, სიტყვების გაცვლა-გამოცვლა. ისიც კი მომწონდა, რომ რაღაცას ვაშავებდი და შემდეგ ადრენალინის შეგრძნებით ვტკბებოდი. ეს იყო რეალობა, რომელიც ურთერთობის პირველივე კვირას უნდა გულწრფელად მეღიარებინა. აი, მაშინ უდავოდ ძლიერი ქალი ვიქნებოდი, მაგრამ ამის სანაცვლოდ ხელახლა ავყევი თამაშში და ხელახალ თავსატეხს ვუჩენდი ჩემს თავს.
წინა ეპიზოდების წასაკითხად "ჩასქროლეთ" დაბლა, ან გადადით ავტორის გვერდზე