იმ ღამეს სხვა აღარაფერზე მიფიქრია, აღარც უტასთან უსტატუსო ურთიერთობაზე და არც უნივერსიტეტის გამოცდებზე.
გუგას სიტყვების გაანალიზებას ვცდილობდი. ვერ ვხვდებოდი, საინტერესოდ რატომ ან როდის აღმიქვა, ან ჩემს თვალებში "ეშმაკები" როდის დაინახა.
მეორე დღეს, საღამოს, თავი მოვიწესრიგე და გუგას მასპინძლობისთვის მოვემზადე. დათქმულზე ნახევარი საათით გვიან მოვიდა. საღამომ სასიამოვნოდ ჩაიარა. აივანზე ცივი ყავა დავლიეთ და ათას რამეზე ვილაპარაკეთ, მაგრამ არა წუხანდელ მიმოწერაზე.
იმ დღის შემდეგ თითქმის ყოველდღე მწერდა. ზოგჯერ დილიდან და ზოგჯერ საღამოს იწყებდა, მაგრამ მწერდა. ფლირტში ისე ავყევი, ვერ ვიგრძენი, როდის შევაბიჯე მის სრულიად გაურკვეველ, ბუნდოვან სამყაროში. ისე ვიქცეოდი, თითქოს მის ამ ფლირტს ბოლომდე ვიზიარებდი. არაფერზე ვეთანხმებოდი მართალია, მაგრამ არც არაფერზე ვეწინააღმდეგებოდი. ზოგჯერ ვცდილობდი, რომ ამ ყველაფრისათვის თავი ამერიდებინა, რომ უმტკივნეულოდ გადაელახა ეს თემა. ამის გამო მოწერილებზე არ ვპასუხობდი, ზოგჯერ ჩემი ინიციატივითაც არასდროს ვწერდი. თუმცა ყოველთვის ასე არ გამოდიოდა. კიდევ ერთ მნიშვნელოვან მიმოწერაზე უნდა გითხრათ. საღამო იყო, რომ მისაყვედურა:
GUGA: ,,მთელი დღეა არ მოგიწერია"
ELI: "საქმეები მქონდა უნივერსიტეტში, მართლა არ მეცალა"
GUGA: "რამე ამ ურთიერთობაზე მნიშვნელოვანი?"
ELI: "ჩვენს მეგობრობაზე მნიშვნელოვანი არ იყო, მაგრამ ჩემი მოსაგვარებელი იყო! და რას გულისხმობ, ვერ გავიგე მაინც."
GUGA: "ორივემ კარგად ვიცით, რასაც ვგულისხმობ, ელი. მე აღარ ვაპირებ, რამე დაგიმალო. შენთან რამის დამალვა სისულელეა, კარგად ხვდები ყველაფერს, ისეთ სიტუაციებშიც კი, როცა ვფიქრობ, რომ გამოვძვრები რამენაირად. იცი, რასაც ვგრძნობ შენ მიმართ. ის არ ვიცი მარტო, აწი რაღა უნდა იყოს, ან ვიცი შეიძლება, არაფერი იქნება, ძველებურად გავაგრძელებთ, მე შენთან ურთიერთობაზე უარს ვერ ვიტყვი, უბრალოდ შენ გეცოდინება, რას ვფიქრობ ამ ყველაფერზე. ვერ გეტყვი, რომ დადგება დღე, როცა შენი მხარში დგომა და შენი ღიმილიანი სახის ყურება აღარ დამჭირდება. ახლა, ამ ყველაფერს რომ წაიკითხავ, მარტო ერთი რაღაც უნდა გთხოვო, რაც უნდა მოხდეს, ურთიერთობას ნუ გაწყვეტ ჩემთან, გთხოვ."
ვკითხულობდი, მერე უკან ვბრუნდებოდი და ხელახლა ვკითხულობდი. სრულიად თავზარდაცემული ვიყავი. იმას კარგად ვხვდებოდი, რომ უტას მიმართ ისევე ვიყავი დამნაშავე, როგორც თავად გუგა, ან მასზე მეტადაც კი, მაგრამ სინდისი ოდნავადაც არ მქენჯნიდა. ნეტა ოდესმე უტასთვისაც თუ ყოფილა ასეთი მნიშვნელოვანი ჩემი მხარში დგომა, მე ხომ მას ათასჯერ მეტად ვედექი მხარში, ვიდრე გუგას. კიდევ ის მაინტერესებს, ამხელა რისკზე რომ მიდიოდა, თუ ვუღირდი ნამდვილად ამად.
ამაზე ვფიქრობ და თავს ყოვლისშემძლე ქალღმერთად ვგრძნობ, ქალად, რომლის გამოც ერთი ძალიან სიმპათიური ბიჭი თავის ცხოვრებას რისკავს. რისკავს, ცხადია, ეს ამბავი რომ გასკდეს, ნამდვილი მეორედ მოსვლა იქნება. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ უტა ამას არც ერთ შემთხვევაში არ აპატიებს, არც მე მაპატიებს, არც არის საპატიებელი ამხელა სამყაროში რომ მაინცდამაინც მის ნათესავს ვირჩევ საფლირტაოდ და მისი ნათესავი და ძმაკაცი - მის შეყვარებულს. მაგრამ ის კიდევ უარეს დღეშია, არც ერთი მამაკაცი არ მოიძებნება სამყაროში, რომელიც მას ამ ქცევას გაუგებს, საკუთარი მამაც კი...
ჩვეულებრივ ჩამოახრჩობს ცივილიზებული სამყაროც კი ამ საქციელის გამო, აღარ ენდობა არც ერთი მეგობარი და არც ნათესავი, დანარჩენ წვრილმან გართულებებზე აღარაფერს ვამბობ.
პასუხის მიწერას ვაგვიანებ, ვკრეფ რაღაც ტექსტს, მერე ვშლი, მერე ისევ ვკრეფ. სინამდვილე ისაა, რომ გუგა, როგორც საყვარელი მამაკაცი, არანაირად არ წარმომიდგენია, მაგრამ მის ამ ნაძირალა საქციელს და მის გამბედაობას სრულ აღფრთოვანებაში მოვყავარ. მასთან მეგობრობაზე მეტი რომ არაფერი მექნება, ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ ყოველთვის სიამოვნებით მივიღებ მის გრძნობებს, იმიტომ, რომ ზუსტად იმას მივსებს, რაც ჰაერივით მჭირდებოდა. მის მოწერილზე ისეთი შეგრძნებები მიცოცხლდება, უკვე რამდენიმე წელია, რომ არ განმიცდია. თბილი სითხე თავიდან ფეხებისკენ მიექანება და მერე მთელ სხეულში მეფანტება.
საღამოობით ერთად ვსეირნობთ, მაგრამ რაც უნდა გასაოცარი იყოს, იმ მიმოწერებზე არც ერთი ხმას არ ვიღებთ. თითქოს ორი ცხოვრება გვაქვს, ერთი მარტივი და მეგობრული, ერთმანეთთან ყოფნას რომ არ გვიკრძალავს, როცა ვხვდებით და მართლა არაფერს ვაშავებთ თითქოს, ისეთ თემებს განვიხილავთ და ისე ვიქცევით, რომ ერთმანეთის თვალებში შეხედვის არ გვრცხვენია; და მეორე - ბნელი და მდუმარე, როცა ცალკ-ცალკე ვართ, ერთმანეთის თვალებს რომ ვერ ვხედავთ და თავს უფლებას ვაძლევთ, ურცხვად ვეარშიყოთ ერთმანეთს სიტყვების გაცვლა-გამოცვლით, ჩვენი მდგომარეობისდა მიუხედავად.
თათიასთან ვაპირებ წასვლას და წაყვანას მთავაზობს. წინ ორი საათის სავალი გზაა და ვყოყმანობ, მინდა თუ არა, რომ ორი საათი მასთან დახურულ სივრცეში გავატარო, მაგრამ მაინც ვთანხმდები. ფაქტია, თამაშში ვყვები და ასე ნეიტრალურ ტერიტორიაზე როდემდე გამომივა თამაში, არ ვიცი.
მანქანაში უჩვეულო სიმყუდროვეა. თვალს მარიდებს და უხერხულობის დასაფარად თავზე ისვამს ხელებს. ეს პირველად არ შემინიშნავს, ყოველთვის, როცა უხერხულობას გრძნობს, ასე იქცევა. ამ ჯადოსნურ მდუმარებას ვარღვევ და ვცდილობ, რაღაცებში გამოვტეხო, რაც დიდი ხანია მაინტერესებს.
- როდემდე ვაპირებთ ღამით ერთმანეთს ყველაფერზე გულწრფელად ველაპარაკებოდეთ და დღისით ისე ვიქცეოდეთ, თითქოს ეს ჩვენ არ გვეხება? ან როდის გადაწყვიტე, რომ რაღაცას გრძნობდი? - ლაპარაკს ვიწყებ სიჩუმისგან თავის დასაღწევად.
- იმ წუთიდან, პირველად რომ დაგინახე. - მპასუხობს და ისევ თავზე ნერვიულად ისვამს ხელებს. ამას არ ველოდი, მაოცებს ეს პასუხი. მგონი, იცოდა, რომ ამას ვკითხავდი და კარგად მოემზადა ამ საუბრისთვის.
- იმ წამიდან ასეა, რაც დაგინახე. ოთახში იჯექი, ლურჯ დივანზე, ორივე ხელები მუხლებს შორის გქონდა უხერხულად მოქცეული. რომ დაგვინახე, ფეხზე ადექი და ჯადოსნური ღიმილით მოგვესალმე. ჯინსის შარვალი გეცვა და თეთრი ზედა. იქაურობას შენად ვერ გრძნობდი და დაბნეული გვაკვირდებოდი მე და ჩემს ძმას, მაგრამ მერე... როცა კარგად გაგიცანი, შენი საუბრის მანერა, შენი ხუმრობები ჩემთან ბევრად ახლოს იყო, ვიდრე უტასთან. არასდროს მესმოდა, რას აკეთებდით ერთად, ნუ, იმის გარდა, რასაც აკეთებდით. - თქვა და გამომხედა. ისე გამომხედა, უცებ თავი დამნაშავედ ვიგრძენი.
- რატომ არაფერი მითხარი აქამდე, ან ახლა რატომ თქვი მაინცდამაინც? - ვკითხე ბრაზმორეულმა.
- ვნანობ, რომ არ გითხარი, ძალიან ვნანობ, დამიჯერე, მაგრამ ახლა აღარაფრის შეცვლა აღარ შეიძლება. ხო გესმის, რაც მოყვება ამ ყველაფერს, რომ გასკდეს? ალბათ, ახლაც არ უნდა მეთქვა, მაგრამ ვეღარ მოვითმინე და აღარც მინდოდა დამემალა. რომ მეცოდინება, ყველაფერი იცი, ასე უფრო მშვიდად ვიგრძნობ თავს.
მისი სიტყვების ბოლომდე არ მჯეროდა, იმ გაგებით, რომ ვიცოდი, თავს მშვიდად ვეღარ იგრძნობდა. იმიტომ მითხრა, რომ მტანჯველი საიდუმლო შეემსუბუქებინა, მის ამ სამყაროში ვინმე შემოეშვა, რომ მისი სიმძიმე მარტოს არ ეტარებინა, თუმცაღა ამას ვის ეტყოდა, ერთი კაცი არ მოიძებნებოდა მთელ სამყაროში, ვინც გაუგებდა. ამიტომ ამომირჩია მე.
- ნიასთან შენი ქცევა რაღა იყო? - ეს დამრტყმელი კითხვაა, წესით, უნდა გაანადგუროს, მაგრამ მოკლედ და კონკრეტულად მპასუხობს:
- მეგონა, შენს თავს შემიცვლიდა, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ შეუძლებელი იყო, ვინმეს შენი მაგივრობა გაეწია. მისი ნათქვამის რატომღაც ბოლომდე არ მჯერა. უფრო მეტიც, მგონია, რომ თავში სულ რამდენიმე თვის ან კვირის წინ გამოაცხო ის, რომ მისთვის საინტერესო ვარ.
მთელი გზა ვეწევით. იმდენს ვეწევი, რომ თავბრუ მესხმის და ლამის ვაღებინო, მაგრამ ეს ერთადერთი რამ არის იქ ჩამოწოლილი უხერხულობის გადასაფარად. არაფერს ვგრძნობ მის მიმართ, ნამდვილად არაფერს. ახლა გვერდით მიზის და იმაზე მელაპარაკება, რაც მსიამოვნებს მაგრამ მხოლოდ ესაა, არც მიზიდავს. არადა, ჩემს თავს ვცდი და გამომწვევად ვიქცევი. მგონი, ვცდილობ, თავი აღვიგზნო და რაღაც ვიგრძნო მის მიმართ. ეს გაუცნობიერებელი სიგიჟეა. მგონია, რომ სიტუაციას ვაკონტროლებ და თავს შესანიშნავად ვირთობ. მგონია, რომ ნებისმიერ წამს შევძლებ ყველაფერი შევწყვიტო და ეს მხოლოდ ჩემს სიტყვებზეა დამოკიდებული... ასეცაა, ამ წუთას ასეა. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია.
სანამ მანქანიდან გადავალ, კინოში მთავაზობს წასვლას მეორე დღეს. ვეუბნები, რომ მოვიფიქრებ, მაგრამ რაღაც მემართება. იმ საღამოსვე ვაცნობიერებ, რომ არ მინდა აღარც მასთან ერთად მგზავრობა და მით უმეტეს, კინოში წასვლა. საკუთარ საქციელზე გული მერევა, ოღონდ არა უტას გამო, უფრო იმის გამო, რომ ვიცი, უტასთან დაშორების ნებისყოფა არ მაქვს და მაინც ვაგრძელებ გუგასთან ამ არაფრისმომცემ ურთიერთობას, ანუ პოტენციური მოღალატე ნამდვილად ვარ. უტას ერთფეროვანი სამყაროდან უკანმოუხედავად გავრბივარ, თუმცაღა სად გავრბივარ, ჯერ ვერ ვხვდები. სიამოვნების პიკი მაქვს, როცა ვფიქრობ, რომ ვიღაც განუწყვეტლივ ჩემზე ფიქრობს, ვიღაცისთვის უბრალოდ კარგი გოგო კი არ ვარ, ცუდი გოგო ვარ, რომლის გამოც მზადაა ჩაქოლონ.
მეორე დღეს ერთად ვბრუნდებით სახლში. აშკარად დათრგუნულია, განუწყვეტლივ მიხსნის, რომ ჩემი დაკარგვა არ უნდა და პირობას მადებინებს, რომ ურთიერთობა სულ გვექნება, მაგრამ ეს ამბავი უნდა დავივიწყოთ. გვეცოდინება, რასაც ვგრძნობთ ერთმანეთის მიმართ, მაგრამ სულ ესაა. ფაქტობრივად, პლატონურ სიყვარულს მთავაზობს. უტაზე ხმას არ იღებს, არც უხსენებია, რომ შესაძლოა დავშორდე და ვამჩნევ, რომ არანორმალურადაა შეშინებული. მგონი, საკუთარი გრძნობები კი არა, მოსალოდნელი სიტუაციის გართულება აგდებს პანიკაში.
სახლში გვიან მივედი. როგორ მინდოდა ნიასთვის ყველაფრის თქმა, მაგრამ შეუძლებელი იყო, იმის გამო კი არა, რომ ვერ გამიგებდა, იმის გამო, რომ უტასთან ურთიერობისთვის მაშინ წერტილი უნდა დამესვა. მე კიდევ, რატომღაც წერტილის დასმა არ მინდოდა, მიუხედავად იმის, რომ ვიცოდი ამ სიტუაციიდან ქაქის გარდა არაფერი შემრჩებოდა. აზარტივით იყო ეს ყველაფერი ჩემთვის, აზარტში ვიყავი შესული. იგივე პრინციპით ვმოქმედებდი, რა პრინციპითაც ხალხი ტოტალიზატორებსა და კაზინოებში დადის. სინამდვილეში ყველამ იცის, რომ საბოლოოდ წაგებულები დარჩებიან, თუმცა სიტყვა მოგება და განცდა იმის, რომ ის მოხდება, რასაც არ ელოდებიან, იმდენად ძლიერია, რომ მაინც დადიან, აგებენ, თუმცა ისევ ბრუნდებიან, ისევ აგებენ, ბოლო კაპიკამდე და ასეთი ათასობითაა. თუმცა, ამის მიუხედავად, ათიათასობით მათი ნაცნობი მაინც დადის და თამაშობს, რადგან აზარტსა და სიამოვნებაზე უარის თქმას უზარმაზარი ძალა და ნებისყოფა სჭირდება. დამარცხებას უფრო ადვილად ეგუები, ვიდრე ამაზე უარის თქმას.
გუგა ჩემი აზარტი იყო და სიამოვნებაც გარკვეულწილად, ის ხომ ზუსტად იმას მივსებდა, რაც ასე მჭირდებოდა. ის, რომ თვლიდა, განსაკუთრებული ვიყავი და ის, რომ ათას გოგოში მაინცდამაინც ჩემკენ მოუწევდა გული, სიამაყით მავსებდა.
გაგრძელება იქნება
წინა ეპიზოდი