უტას გაცნობიდან ერთი თვის შემდეგ ყველას მოვწყდი, აღარაფრის მოყოლა მინდოდა ვინმესთვის, არც ნიასთვის.
ვერ ვხვდები, ეს რატომ დამემართა, მაგრამ ასე მოხდა. მხოლოდ იმას ვეუბნებოდი, რომ ვხვდებოდით და მორჩა. ხან ვფიქრობდი, რომ ჩვენს ინტიმურ სამყაროში არავინ მინდოდა შემომეშვა, თუნდაც ფიქრებით. საღამოობით, თუ უტასთან ერთად არ ვიყავი, ისევ აივანზე ვიჯექი, ხან მარტო, ხან ნიასთან და თათიასთან ერთად.
ბედნიერი ვიყავი, ძალიან, მაგრამ შიშს, რომელიც მთელ ორგანიზმში მქონდა ჩაბუდებული, ერთიანად მოვეცვი. ჯერ ერთი, არასდროს განიხილავდა ჩვენს ურთიერთობას არანაირ ჭრილში. შესაბამისად, ვერ ვხვდებოდი, რა ერქვა ჩვენს უსასრულო წინ და უკან ერთად სიარულს. ალბათ, ლოგიკურიცაა, რომ ერთ თვეში სტატუსს არ ანიჭებდა ამ ყველაფერს, მაგრამ მე მაშფოთებდა.
ივნისის შუა რიცხვებში გამოცდები დამეწყო. მეორე გამოცდა რომ ჩავაბარე, კიბეებზე სირბილით ჩავირბინე და შორიდანვე გავიქეცი, რომ უტას ჩავხუტებოდი. ფეხით მივუყვებოდით ქუჩას, როცა გვერდით მოტოციკლმა ჩაგვიარა. კი არ ჩაგვიარა, ჩაგვიფრინა და მეც მომენტით ვისარგებლე, რომ მეკითხა:
- ისე, რატომ აღარ ვსეირნობთ შენი ორთვლიანი ხაფანგით?
- აქამდე მონსტრს ეძახდი და ახლა გაები, თუ ხაფანგი რატომ გახდა?.. ისე ძაან ცხელა, მოდი, დღეს ჩემთან ავიდეთ. - ისე მითხრა, თითქოს ყოველდღე ყავაზე ვიჯექი მამამისთან. გავჩერდი და ხელი მოვკიდე ხელზე.
- მოიცა, სახლში ასვლა რაღაც ახალია და მე შენს ნოვატურულ იდეებს მიჩვეული არ ვარ.
- ჩაბარება გიხარია და ახლა არ ვეცდები, შენს უმარილო იუმორს აგრესიით ვუპასუხო. - მითხრა და სიგარეტი დააძრო კოლოფიდან.
- აგრესია არ გაქვს და ვერ მიპასუხებ, ლიბიდო არ გაქვს. - ხელი გავუშვი და წინ წავედი. დამეწია და უკნიდან მომეხვია, მერე გულზე მიმიხუტა და ჩამჩურჩულა:
- ელი, დღეს ვერ გცნობ. იმედია, ბედნიერი ყოველთვის გამომწვევად არ ლაპარაკობ. ან ეს ლიბიდო საიდან მოიტანე?
- არ ვლაპარაკობ, როგორც წესი, ვიქცევი გამომწვევად, მაგრამ ყველაზე არ ჭრის თურმე. მითხარი, მოტოციკლით რატომ აღარ ვსეირნობთ? - ხელი გამიშვა. წინ დამიდგა და ხმადაბლა მითხრა:
- ვისარგებლებ დღეს უსინდისოდ შენი ხასიათით და მოგიყვები, ოღონდ ჩემთან, სახლში.
- ვინ დაგვხვდებიან სახლში? - ვკითხე მოღუშულმა.
- არავინ... ლიფტში არ შეგიყვან, მაგრამ რომ იცოდე, მეთორმეტეზე ვცხოვრობ... ისე, ხურდა მაქვს. ასე რომ, ეგ ირონიული ღიმილი უადგილოა.
- ცუდია, ხურდა თუ გაქვს, სიამოვნებით გავიჭედებოდი შენთან ერთად.
- მართლა ვერ გცნობ, ელი. - გაოცებულმა შემომხედა.
სახლი მყუდრო იყო და პატარა. მისაღებში ნაცრისფერი, უხეში ქსოვილის ფარდებს შესანიშნავად ეხამებოდა მუქი ლურჯი ავეჯი და კედლებში დატანებული ღია ხისფერი თაროები. აქვე ეკიდა აკვარელით შესრულებული ნამუშევრები. ერთზე ავდრიან ამინდში გამოსახული მოღუშული წითელი ყაყაჩოები ეხატა, მეორეზე - ქალი, ზურგიდან დახატული, უკან ჩამოშლილი სქელი, შავი ნაწნავით, რომელიც ბოლოში მუქი ლურჯი მატერიით იყო დამაგრებული და მესამე, რაღაც იმპრესიონისტული ნამუშევარი იყო, მზეს კარგად ვარჩევდი, ქვემოთ ერთმანეთს ერეოდა მწვანე და წითელი ფერები.
- მამას ნახატებია. - მითხრა და მაგიდაზე ორი ჭიქა დადო რაღაც საბუთებთან ერთად. მერე ფანჯარა გამოაღო, სიგარეტს მოუკიდა და გადახედა ქვემოთ მოფუსფუსე ხალხსა და მანქანებს. საბუთებს ხელი მოვკიდე. კარგა ხანს ვათვალიერე. ბევრი ვერაფერი გავიგე, მაგრამ თავის ტრავმაზე რომ იყო საუბარი, ამას მივხვდი. კიდევ დაზიანებულ მალებზე, მაგრამ თავის ტრავმამ სრულიად გამომაფხიზლა. საბუთები მაგიდაზე დავალაგე და უტას შევხედე. სახე უარესად გაფითრებოდა და გაფართოებული თვალებით მიყურებდა.
- ეს რა არის?! - ინსტინქტურად სავარძლიდან წინ წამოვიწიე.
- მგონი, მიხვდი, თავის ძლიერი ტრავმა და ხერხემლის დაზიანება. - ცოტა ხანს გაჩუმდა, სიგარეტის ბოლი გამოუშვა და განაგრძო: - ავარიაში მოვყევი, ელი, თითქმის ერთი წლის წინ და ალბათ, ხვდები, როგორც.
- მერე? - აღარ მეღიმებოდა და მისი ტუჩების მოძრაობას ვაკვირდებოდი, რომ არაფერი გამომრჩენოდა.
- კაცს დავეჯახე მოტოციკლით, ოღონდ არა გადასასვლელზე ან ტროტუარზე... ტრასაზე, დაუსახლებელ პუნქტში, მაგრამ დავეჯახე და რადგან ფაქტი მოხდა, თავის მართლებას არ დავიწყებ. ორი კვირის მერე მოვედი აზრზე და პირველი, რაც მამაჩემმა მითხრა, ის იყო, რომ მოტოციკლი დამევიწყებინა. პოლიციამ არ გამამტყუნა, მაგრამ მართვის მოწმობა მაინც ჩამომართვეს ერთი წლით.
ფეხზე წამოვხტი და ნერვიულად ხელით გადავიწიე შუბლიდან თმა.
- მართვის მოწმობა არ გაქვს, მაგრამ მაინც დამაძალე დაჯდომა, თან ამხელა ტრავმის შემდეგ. ასეა, არა? არ გაქვს, ხომ ასეა?! ვგრძნობდი, რომ მიმალავდი რაღაცას, ცხადი იყო, ვის აქვს ავტოფარეხი სახლიდან კილომეტრების დაშორებით. ანუ გამოდის, რომ მამაშენს უმალავ … - საუბარი შემაწყვეტინა.
- ნინასაც, ყველას... მაგრამ ამ ამბავს სხვა კუთხიდანაც შეგიძლია შეხედო. მართვის მოწმობას რამდენიმე კვირაში დავიბრუნებ. უბრალოდ, ვერ მოვითმინე, რომ შენთვის ეს არ მეჩვენებინა.
- მაგრამ თავის ტრავმის გამო ჩამოგართვეს ტარების უფლება, რატომ არ მითხარი? პოლიციას რომ გავეჩერებინეთ, რა უნდა გექნა?
- ელი, ასეთ ტრაგიკულს ვერ გიტან, და ეგ უნდობლობა კიდევ... რაც გაცნობის წამიდან დღემდე ისევ ისე მძაფრად გაქვს. რატომ გგონია, რომ რამე მინდოდა დაგშავებოდა? ახლა მაინც, ისევ ასე რატომ ფიქრობ? მაგის მიზეზი როდის მოგეცი?
- ანუ მართალი ხარ შენ, მე კიდევ უმიზეზოდ ისტერიკული, და თან ასეთს ვერ მიტან?! - სიბრაზე მახრჩობდა და ამ ბიჭის განუზომელი სითავხედე. შევეცადე, სახეში არ შემეხედა, სავარძლისკენ ავიღე გეზი და ჩანთას დავწვდი, მაგრამ მკლავში ხელში მტაცა.
- ორი სიტყვით ამიხსენი, კონკრეტულად რაზე გაბრაზდი?! ყველა პრობლემური სიტუაციიდან რომ გარბიხარ, მაგას მივეჩვიე უკვე. - ისეთი სახე მიიღო, ვერაფერს ხვდებოდა თითქოს.
- უკვე გითხარი. - ნერწყვი ძლივს გადავყლაპე და შევეცადე, ხელი გამეთავისუფლებინა.
- კიდევ მითხარი, გისმენ. ახლა რომ გარბიხარ, რა აზრი აქვს? არ მიყვარს ეგეთი ბავშვური საქციელი. - საბოლოოდ გამაცეცხლა და ვიფეთქე.
- არ მაინტერესებს, რა არ გიყვარს, რადგან როგორც ჩანს, იმ ავარიამ ტვინი გვარიანად შეგირყია და ჯანსაღად აზროვნება გიჭირს. მაგ ტრავმირებული ტვინით მომატყუე და შემომსვი შენს ორთვლიან, შენსავით მერყევ ტრანსპორტზე, თან ისე, რომ მერეც არაფერი მითხარი... არ მითხარი, რომ კაცს გადაუარე და საერთოდ, რას მიყვები?! ან სხვა რა ვიცი შენზე, მუდმივად ორაზროვნად ლაპარაკობ, შენი აუტანელი პრინციპები გაქვს. მაშინ უნდა წავსულიყავი, ჩაფხუტის დახურებას რომ უსინდისოდ მაიძულებდი და პირველივე პაემანზე, თუ შეიძლება იმას პაემანი დაერქვას საერთოდ, მაშინებდი, რომ ურთიერთობას, რომელიც ჯერ არც დაგვეწყო, დაასრულებდი. - ხელი გამიშვა, დივანზე ჩამოჯდა და გამიღიმა.
- ის კაცი არ მომკვდარა, უბრალოდ, მინდოდა, რომ შენთან ერთად დავბრუნებოდი ნორმალურ ცხოვრებას. ყოველ ღამე იმაზე აღარ ვიფიქრებდი, ის კაცი როგორ ავაგდე ჰაერში და მერე გადავუარე; იმაზე ვიფიქრებდი, როგორ გაგაბედნიერე და დაუსრულებლად გავიხსენებდი, როგორ გქონდა შენი ხელები მოჭიდებული ჩემს მუცელზე. - ხელები მუხლებზე დაიწყო და ამომხედა. მე ისევ ჩანთით ვიდექი გაქვავებული.
- იქნებ მაინც გთანხმდებოდი, ამის მიუხედავად მაინც... რატომ არ სცადე, გეთქვა. - ვკითხე და ხელები უაზროდ გავშალე.
- საკმარისად კარგად არ გიცნობდი, რომ მივმხვდარიყავი, მაინც გამომყვებოდი თუ არა, მაგრამ ახლა ვიცი, რომ ტვინშერყეულ ბიჭს, თავის არასრულყოფილ ტრანსპორტზე არ დაუჯდებოდი. - ისევ იღიმოდა, მაგრამ სევდიანად. მომეჩვენა, რომ მოეშვა და ახლა, ამ სიტყვების მერე თვითონ გამაგდებდა. უხმოდ წავედი კარისკენ, ფრთხილად გამოვხსენი. დარწმუნებული ვიყავი, არ გამომყვებოდა, მაგრამ შევცდი, დამეწია და კარი ცხვირწინ დამიხურა. რკინის კარი ხმაურით მიჯახუნდა და იქაურობა გააყრუა. უტა კარს მიეყრდნო, დაბნეული თვალებით უმიზნოთ იყურებოდა აქეთ-იქით.
- ელი, მე ის კაცი არ ვარ, ჯერ რომ ცუდად ექცევიან ქალებს და მერე შერიგებას ეხვეწებიან. არც ცუდად მოგექცევი შეგნებულად არასდროს და შესაბამისად,არც დარჩენას დაგაძალებ, თუ წასვლას გადაწყვეტ. უბრალოდ, ახლა მართლა არაფერი ჩამიდენია ასეთი და როგორც კი თორმეტ სართულს კიბით ჩაირბენ, მიხვდები, რომ არც ისეთი საგანგაშოა ეს ყველაფერი, როგორც აღიქვი. ასე რომ, დარჩი და აქ დაფიქრდი, გთხოვ.
მეტირებოდა, რომ მეათიათასედ გავუცრუე იმედი და ის მაინც ცდილობდა, არ გავეშვი. ისევ მისაღებ ოთახში შევბრუნდი და იმ სავარძელს დავუბრუნდი, სადაც პირველად დავჯექი. უტა დივანზე ჩამოჯდა და ისევ გაჩუმდა. თავი ჩახარა და იატაკს მიაშტერდა. თვალებში ისევ სიმძიმე ეწვა და მომეჩვენა, რომ ისევე უმიზნოდ ვუყვარდი, როგორც მიყურებდა. თავი ვეღარ შევიკავე, ფეხზე ავდექი და მივეხუტე, ხელები მისი მაისურის ქვეშ, თბილ კანზე ავაცურე და მხრებზე დავალაგე. მთელი სხეულით მიმიხუტა, მერე ორივე ხელით სახე დამიჭირა და ჩემი ქვედა ტუჩი ტუჩებს შორის მოიქცია.
ალბათ, ასე ვიდექით სამი წუთი მაინც. ხელები წელზე შემომხვია. ცდილობდა, ძლიერად მივეხუტებინე, თითქოს დიდი ხნის სურვილს იკლავდა ამ ჩახუტებით. ზურგზე მომეფერა. თბილი ხელები ჰქონდა, მე კიდევ ივნისში მთელი სხეული მეყინებოდა. თავში ყველა აზრი ერთად მომდიოდა და მერე ერთბაშად მტოვებდა ყოველი მათგანი. მინდოდა მეფიქრა იმაზე, რაც მოხდებოდა და რაც მოჰყვებოდა, მაგრამ საკუთარ თავს აღარ ვუსმენდი, მის სუნთქვას ვუსმენდი, რომელიც ჩვეულებრივზე საგრძნობლად გახშირებულიყო. მისი სუნამოს სუნს ვგრძნობდი სიგარეტის სუნში არეულს და ეს უარესად მიზიდავდა.
უცებ ვიგრძენი, რომ ყველაფერი სულ ერთი იყო, მთელი სამყარო ამ ერთ ოთახში მოგროვილიყო და დაუსრულებლად ტრიალებდა. მისი დიდი, შავი თვალები ამოუხსნელი ვნებით მიყურებდა და ახლა სრულიად სხვანაირი გამხდარიყო, შეშლილს ჰგავდა. ემოციებმა და ვნებებმა ერთდროულად ამოხეთქეს და პერანგის ღილები აკანკალებული ხელით სწრაფად შევუხსენი, შიშველ მკერდზე მივეხუტე და ვიგრძენი, სპაზმებმა როგორ დამიარა მთელ სხეულში. მისი სხეულის სიმხურვალე მსიამოვნებდა ჩემს გრილ სხეულზე და აღარაფერზე ვფიქრობდი. ვიცოდი, რომ საზღვრები გავარღვიე და მასთან ერთად წამლეკავმა შეგრძნებებმა თითქმის გონება დამაკარგვინეს.
გაგრძელება იქნება